შვეიცარიულ ალპებში მყინვარის დიდი ნაწილი ჩამოიშალა, რის შედეგადაც ყინულის, ტალახისა და ქვების მასამ დაფარა სოფლის დიდი ნაწილი, რომელიც მიმდინარე თვის დასაწყისში უსაფრთხოების მიზნით იყო ევაკუირებული.

დიდი მოცულობის მყინვარული მასა ოთხშაბათს ჩამოიშალა და დაფარა ალპური სოფელი ბლატენი, სადაც, ადგილობრივი ხელისუფლების მითითებით, მოსახლეობა წინასწარ იყო გაყვანილი.

ჩამოწოლილი მეწყერი შვეიცარიის სოფელ ბლატენში

ჩამოწოლილი მეწყერი შვეიცარიის სოფელ ბლატენში

ფოტო: AP

რეგიონული პოლიციის ინფორმაციით, ამ დროისთვის დაკარგულად ითვლება 64 წლის მამაკაცი, და მიმდინარეობს სამძებრო-სამაშველო სამუშაოები, მათ შორის თერმული კამერით აღჭურვილი დრონის გამოყენებით.

"ამ ეტაპზე შეგვიძლია ვთქვათ, რომ სოფლის დაახლოებით 90% დაფარულია ან განადგურებული — ბლატენში სერიოზული კატასტროფა მოხდა" — განაცხადა სტეფან განზერმა, ვალეს რეგიონის უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელმა.

სოციალურ მედიასა და შვეიცარიულ ტელევიზიაში გავრცელებულ კადრებში ჩანს, როგორ მოედინება მეწყერი ბლატენთან ახლოს, ლიოტშენტალის ხეობაში, სადაც საცხოვრებელი სახლები და სხვა ნაგებობები ნაწილობრივ ჩაფლულია ტალახში.

მეწყერი შვეიცარიაში

მეწყერი შვეიცარიაში

ფოტო: Euronews

რეგიონული მთავრობის განცხადებით, სოფელ ბლატენზე მაღლა მდებარე ბირხის მყინვარის მნიშვნელოვანი ნაწილი დაიშალა, რამაც მეწყერი გამოიწვია და დაფარა ახლოს მდებარე ლონცას მდინარის კალაპოტიც.

"არსებობს საფრთხე, რომ ვითარება გაუარესდეს", — განაცხადა განზერმა და აღნიშნა, რომ ამის მიზეზია ჩახერგილი მდინარის კალაპოტი.

მან ასევე დაამატა, რომ შვეიცარიული არმია მობილიზებული იყო იმ დროიდან, როცა მყინვარის დაჩქარებული მოძრაობის პირველი ნიშნები გამოიკვეთა.

ავტომობილის ევაკუაცია

ავტომობილის ევაკუაცია

ფოტო: AP

გარემოს დაცვის მინისტრმა, ალბერტ რესტიმ, პრესკონფერენციაზე მომხდარის გამო მწუხარება გამოთქვა და მას "განსაკუთრებული მოვლენა" უწოდა. მისი თქმით, მთავრობა გაატარებს შესაბამის ზომებს იმ ადამიანების დასახმარებლად, რომლებმაც ამ კატასტროფაში სახლები დაკარგეს.

გასული რამდენიმე დღის განმავლობაში ხელისუფლებამ დაახლოებით 300 ადამიანის და სოფელში არსებული პირუტყვის ევაკუაცია განახორციელა, ვინაიდან არსებობდა საფრთხე, რომ 1.5 მილიონი კუბური მეტრის მოცულობის მყინვარი მთლიანად ჩამოიშლებოდა.