მზის სისტემის ყინულოვანი მთვარეები, როგორიცაა იუპიტერის გარშემო მბრუნავი ევროპა და სატურნის თანამგზავრი ენცელადე, დედამიწის მიღმა სიცოცხლის არსებობისთვის ყველაზე შესაფერის კანდიდატებად მიიჩნევა. მათ ღრმა ოკეანეები აქვს. ენცელადეს შემთხვევაში ვიცით, რომ ამ ოკეანეში სიცოცხლისთვის აუცილებელი ელემენტები და ქიმიური აქტივობა არსებობს.

ახალი სამეცნიერო ნაშრომი თამამ იდეას გვთავაზობს, რომ ენცელადეზე მიკრობების განზრახ დათესვაზე დავფიქრდეთ. დავუშვათ, რომ სატურნზე მისია გაგზავნეს და აღმოაჩინეს, რომ ენცელადეს ოკეანეში სიცოცხლე არ არსებობს. ასეთ შემთხვევაში შეიძლება, მეცნიერულად გამართლებული იყოს, რომ იქ სიცოცხლე განზრახ შეიტანონ. შემდეგ შეისწავლიან და გაიგებენ, როგორ ვრცელდება სიცოცხლე უსიცოცხლო, მაგრამ სიცოცხლისთვის შესაფერის სამყაროში. ამ ექსპერიმენტით გავიგებთ, როგორ გავრცელდა სიცოცხლე დედამიწაზე.

"მსგავსი მდგომარეობა სიცოცხლის წარმოშობის შემდეგ ნებისმიერ ახალგაზრდა პლანეტაზე იარსებებდა, მანამ სანამ პლანეტის მასშტაბით გავრცელებული ბიოტა ჩამოყალიბდებოდა", — წერენ მკვლევრები ნაშრომში — "სიცოცხლის ენცელადეზე შეყვანიდან მიღებული ცოდნა განსაკუთრებით გამოსადეგი იქნება იმის გასაგებად, როგორ დაიწყო სიცოცხლის გავრცელება ადრეულ ოკეანეებში. ეს შეიძლებოდა, დამახასიათებელი დედამიწისთვისაც ყოფილიყო, თუკი სიცოცხლე ღრმა ზღვის ჰიდროთერმულ ვენტილაციებში წარმოიშვა".

შესაძლოა, ასევე გავიგოთ, როგორ დავსახლდეთ ახალ პლანეტებზე. დასახლებული ენცელადე შეიძლება, მზის სისტემის გარე ნაწილის გამოკვლევაში დაგვეხმაროს. კვლევის შედეგად დაასკვნეს, რომ ეს ყველაფერი ტექნიკურად შესაძლებელია. მაშინ, როცა მარსის კოლონიზაცია ჯერ კიდევ ჩვენს შესაძლებლობებს აღემატება, არსებობს გზები, როგორ გავავრცელოთ სიცოცხლე ისეთ მკაცრ და უნაყოფო სამყაროებზე, როგორიც ენცელადეა.

ენცელადე

ფოტო: European Space Agency

მიუხედავად ამისა, მხოლოდ იმიტომ, რომ რაღაც შესაძლებელია, არ ნიშნავს, რომ აუცილებლად უნდა გავაკეთოთ. ავტორები არ უარყოფენ იმას, რომ ამგვარ პროექტს თან ახლავს ღრმა ეთიკური კითხვები. თუკი ენცელადეზე სიცოცხლეს ვიპოვით, ეს რადიკალურად შეცვლის ჩვენს ცოდნას და პრიორიტეტი გახდება ამ სიცოცხლის მაქსიმალურად დაცვა. გვაქვს უფლება, რომ მთლიანი ბიოსფერო დროებით ან სამუდამოდ შევცვალოთ?

"რასაც აქ განვიხილავთ, შესაძლოა, ოკეანეების მქონე სხვა სამყაროსაც შეეხოს. მაგალითად, როგორიცაა ევროპა, ტიტანის მიწისქვეშა ოკეანე, ცერერა და ნებისმიერი სხვა პლანეტური სხეული, რომელსაც მომავალში სიცოცხლისთვის ვარგის გარემოს აღმოუჩენენ. ამ პოტენციური ბიოლოგიური საზღვრისა და ეთიკური საკითხების გარშემო მსჯელობა ახლა სწორედ დროულია", — ასკვნიან ავტორები.

კოსმოსური კვლევები დიდ შესაძლებლობას იძლევა, რომ დედამიწაზე სიცოცხლის წარმოშობის შესახებ მეტი გავიგოთ. მიუხედავად ამისა, აშკარაა, რომ უნდა ვიფიქროთ იმაზე, რას და როგორ ვაკეთებთ.

კვლევა გამოცემაში Space Policy გამოქვეყნდა.

თუ სტატიაში განხილული თემა და ზოგადად: მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში – შემდეგი ჯგუფი.