მზემ "პირი დააფჩინა" — მასზე გიგანტური ხვრელი გაჩნდა, რომელიც 5 იუპიტერს დაიტევს

ფოტო: NASA SDO
მზეზე უზარმაზარი, განიერი, ხვრელი გაჩნდა, რომელიც იმდენად დიდია, რომ იქ 5 იუპიტერი დაეტეოდა. ესაა რეგიონი, რომლის მიმდებარედაც ჩვენი ვარსკვლავის მაგნიტური ველი ღიადაა და დამუხტული ნაწილაკების სწრაფ ნაკადებს მზის სისტემაში ავრცელებს.
ამ ფენომენს კორონალური ხვრელი ეწოდება.
მზეს ოპტიკურ სპექტრში რომ დააკვირდეთ, ამ უცნაურ სტრუქტურას ვერ დაინახავთ. ეს არეალი შედარებით გრილია და ნაკლები სიმკვრივით ხასიათდება, ამიტომ ის ულტრაიისფერ სინათლეში ვლინდება, როგორც დიდი და ბნელი ლაქა. ჩვენს მნათობზე კიდევ ორი ასეთი ხვრელია, რომელთა ზომაც შედარებით მცირეა.

ფოტო: NASA SDO

ფოტო: NASA SDO
ამ კორონალური ხვრელების კონფიგურაცია ისეთია, რომ პირდაფჩენილ სახეს მოგვაგონებს. ჩრდილოეთით ზედა ორი მუქი რეგიონი თვალების მსგავსია, სამხრეთით ქვედა განიერი არეალი კი — პირის. მომცრო ლაქები დაახლოებით იუპიტერის სიდიდისაა, ანუ საკმაოდ გიგანტურია.
მიუხედავად იმისა, რომ ამ რეგიონებიდან ნაწილაკებისა თუ პლაზმის ნაკადები მოედინება და "სახეც" საშიშად გამოიყურება, ეს ჩვენ საფრთხეს არ გვიქმნის. კორონალური ხვრელები მზისთვის ჩვეულებრივია და იქიდან წამოსულ მზის ქარს დედამიწის მაგნიტოსფეროსთან ურთიერთქმედებით მხოლოდ ზომიერი გეომაგნიტური შტორმების გამოწვევა შეუძლია. მათი სიმძლავრე ბევრად ჩამოუვარდება ისეთი შტორმებისას, რომლებსაც კორონალური მასის ამოფრქვევები იწვევს.
ამჟამად მზის ზემოხსენებული კორონალური ხვრელებიდან წამოსული ნაწილაკების გამო გეომაგნიტური შტორმი ნაკლებადაა მოსალოდნელი. შესაძლოა, მზის ქარი სამხრეთის ხვრელის გავლენით გაძლიერდეს, თუმცა ასეთი მდებარეობიდან გამომდინარე ზემოქმედება ძალიან სუსტი იქნება.
გასათვალისწინებელია, რომ მზე ახლა თავისი 11-წლიანი ციკლის ყველაზე აქტიურ ფაზაშია, ამიტომ ამ პერიოდში ამოფრქვევებისა და ლაქების სიხშირე იმატებს. ეს ბუნებრივი პროცესია და განგაშის საფუძველს არ გვაძლევს.
კომენტარები