ციფრული სანდოობა, როგორც უხილავი კაპიტალი

ფოტო: iStock
ციფრული სანდოობა ის სიტყვაა, რომელიც ჯერ კიდევ უცხოდ ჟღერს ბევრი
კომპანიისთვის — განსაკუთრებით მცირე და საშუალო ბიზნესისთვის. მაგრამ ეს ცნება უკვე დიდი ხანია გაცდა ტექნოლოგიურ სფეროს და იქცა ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან ფაქტორად, რომელიც გავლენას ახდენს მომხმარებელთა არჩევანზე, პარტნიორთა ნდობასა და ბიზნესის სიცოცხლისუნარიანობაზე.
დღეს ის, როგორ იქცევი ციფრულ სივრცეში — როგორც იცავ მომხმარებლის მონაცემებს, როგორ რეაგირებ კიბერშეტევებზე ან რამდენად გამჭვირვალედ წარმოაჩენ კომპანიის პოლიტიკას — ხშირად უფრო მეტს ნიშნავს, ვიდრე ფასი, რეკლამა ან ბრენდის ვიზუალი.
ციფრული სანდოობა მარტივად რომ ვთქვათ, არის რწმენა, რომ კომპანია ონლაინ სივრცეში პასუხისმგებლობიანად მოქმედებს. ეს გულისხმობს მონაცემთა დაცვას, უსაფრთხოებას, გამჭვირვალობასა და ეთიკურობას.
სანდოობა არ იქმნება მხოლოდ კომპანიის ოფიციალური, "ორგანიზაციული პოლიტიკის" შემუშავებით. ის შენდება ყოველდღიურად — იმით, როგორ იქცევი კრიზისის დროს, რამდენად გესმის მომხმარებლის წუხილი, და როგორ ინარჩუნებ თანმიმდევრულობას.
IBM-ის 2023 წლის მონაცემებით, კომპანიები, რომლებიც მომხმარებლის ნდობას იცავენ და დანერგილი აქვთ ციფრული სანდოობის მექანიზმები, 30%-ით უკეთეს შედეგს აჩვენებენ მომხმარებლის ლოიალობაში.
კიბერუსაფრთხოება დაცვაზე მეტია

ფოტო: kaspersky
ციფრული სანდოობა ვერ იარსებებს კიბერუსაფრთხოების გარეშე. და არა, ეს მხოლოდ მსხვილი კომპანიების პრობლემა არ არის. Verizon-ის მონაცემებით, კიბერშეტევების თითქმის ნახევარი მცირე და საშუალო ბიზნესებს ემართებათ — სწორედ იმიტომ, რომ ისინი ნაკლებ ყურადღებას აქცევენ უსაფრთხოებას.
კიბერუსაფრთხოება არ არის მხოლოდ IT სპეციალისტების საქმე. მომხმარებლის თვალში, კომპანია, რომელიც ვერ იცავს მათ მონაცემებს, უბრალოდ სერიოზულად არ გამოიყურება და თუ ნდობა ირღვევა, მომხმარებლის დაკარგვა უკვე ტექნიკურ შეცდომაზე კი არა, კომპანიის იმიჯზე გადადის.
მიწოდების ჯაჭვის უსაფრთხოება — ციფრული სანდოობის ის კომპონენტია, რომლითაც ხშირად არავინ ინტერესდება. როდესაც ვსაუბრობთ სანდოობაზე, ხშირად გვავიწყდება, რომ კომპანია ერთიან სისტემაშია ჩაკეტილი — პარტნიორებთან, მომწოდებლებთან, აუთსორსინგსა თუ ტექნოლოგიურ პლატფორმებთან. თუ მიწოდების ჯაჭვში ერთმა რგოლმა ვერ შეასრულა თავისი ვალდებულება ან აღმოჩნდა დაუცველი, ზიანი კომპანიის რეპუტაციასაც მიადგება. და მომხმარებლისთვის ეს დეტალი საერთოდ არ ჩანს — პასუხისმგებლობა მთლიანად კომპანიას ეკისრება.
ევროკავშირში მიწოდების ჯაჭვის უსაფრთხოება უკვე მიჩნეულია ერთ-ერთ სტრატეგიულ მიმართულებად. ეს ნიშნავს, რომ კომპანიებს ეკისრებათ ვალდებულება, შეამოწმონ და გააკონტროლონ, ვისთან თანამშრომლობენ და რამდენად დაცულია ის ქსელი, რომლის ნაწილიც თავად არიან.
ნდობა ციფრულ ეპოქაში
მომხმარებელი, რომელიც აღარ ენდობა კომპანიას — უმეტესად, დაკარგული მომხმარებელია. Deloitte-ის კვლევის მიხედვით, მომხმარებელთა 65% თავს არიდებს კომპანიას, თუნდაც ერთი მონაცემთა დარღვევის შემდეგ, მაშინაც კი თუ თავად არ დაზარალებულა.
ნდობა არ იქმნება მხოლოდ ხარისხიანი პროდუქტის ან ლამაზი დიზაინის
მეშვეობით. ის შენდება სამ საფუძველზე:
- იცავთ თუ არა მონაცემებს
- ხართ თუ არა გამჭვირვალე კრიზისის დროს
- მოქმედებთ თუ არა პასუხისმგებლობით, მაშინ როცა ამის არჩევანი გაქვთ
ეს სამი კითხვა, სინამდვილეში, ბევრ სხვა კითხვას ანაცვლებს. მათ შორის — რატომ უნდა აგირჩიოს მომხმარებელმა?
ბიზნესისთვის, რომელსაც სურს იყოს კონკურენტული, ციფრული სანდოობა აღარ არის დამატებითი პლუსი. ეს არის აუცილებლობა.
მცირე და საშუალო ბიზნესი, რომელიც დროულად აცნობიერებს ამას, იმუშავებს არა მხოლოდ ციფრული თავდაცვის გამყარებაზე, არამედ საკუთარ იმიჯზე, მომხმარებელთა ლოიალურობაზე და ოპერაციულ სტაბილურობაზე.
დღეს კომპანიები შეიძლება გაუმკლავდნენ პროდუქტით გამოწვეულ უკმაყოფილებას — მაგრამ ვერ გაუმკლავდებიან დაკარგულ ნდობას.
სტატია შექმნილია Horizon Europe-ის მიერ მხარდაჭერილი პროექტის "ურთიერთდაკავშირებული და ინკლუზიური ინოვაციების ეკოსისტემები, ფოკუსირებული ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიებსა და მობილობაზე" ფარგლებში.
კომენტარები