აშშ-ის სამხედრო სადაზვერვო სააგენტომ (DIA) 2025 წლის ანგარიში წარმოადგინა, რომელშიც გლობალური საფრთხეების ძირითად ტენდენციებზე და სამხედრო-პოლიტიკურ გარემოებებზეა საუბარი, მათ შორის — ჩინეთისა და რუსეთის გავლენებზე.

"რუსეთს თითქმის დანამდვილებით აქვს გამიზნული საქართველოს თავის გავლენის სფეროში დაბრუნება. ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, ქართულმა ოცნებამ შექმნა გარემო, რომელიც რუსეთს ხელს უწყობს, საქართველოზე გავლენა გაზარდოს," — ვკითხულობთ ანგარიშში.

დოკუმენტში საქართველოსთან ერთად რუსულ-სომხურ ურთიერთობებზეცაა საუბარი. ანგარიშში ვკითხულობთ, რომ ორ ქვეყანას შორის ურთიერთობა გასულ წელს გაუარესდა, რადგან სომხეთი კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციიდან გასვლით დაიმუქრა, ხოლო რუსეთმა სომხეთის დემოკრატიისა და მისი უფრო პროდასავლური ხელმძღვანელობის დისკრედიტაციისთვის საინფორმაციო ოპერაციები გამოიყენა.

ოცნების პრემიერმა, ირაკლი კობახიძემ აშშ-ის სადაზვერვო სააგენტოს ანგარიშს "სისულელე" უწოდა და მისი შინაარსი "დიფ სთეითის" გავლენით ახსნა.

"ეს არის სრული სისულელე. რა გავლენის გაზრდაზეა საუბარი?! ასეთი სისულელეები რომ ხდება ასეთ მნიშვნელოვან დოკუმენტებში, სწორედ ეს მიუთითებს "დიფ სთეითის" გავლენებზე," — განაცხადა ირაკლი კობახიძემ.