თბილისის მერი, კახა კალაძე ახალი კომპანია "კალა კაპიტალ თბილისით" ავტომობილების რესტავრაციას და საერთაშორისო არენაზე გაყვანას გეგმავს

"რაც შეეხება აღნიშნულ კომპანიას და თვითონ საქმიანობას, რაც გვაქვს იდეაში ეს არის საპილოტე პროექტი და რამდენად გამოსვლადი იქნება ვნახოთ. ეს არის ჩემი ჰობი, გატაცება იყო ბავშვობიდან და მქონდა ყოველთვის ამის სურვილი და ვაპირებ ახალგაზრდებთან ერთად განვახორციელო აღნიშნული პროექტი, რამდენად გამოგვივა არ ვიცი, ვნახოთ. ეს არის ძველი ავტომობილების რესტავრაცია და საერთაშორისო არენაზე მათი გაყვანა, რამდენად გამოგვივა არ ვიცი. საკმაოდ ნიჭიერი ახალგაზრდები იქნებიან ჩართულები," — განაცხადა კალაძემ ჟურნალისტებთან.

თბილისის მერმა და პარტია ქართული ოცნების გენერალურმა მდივანმა, კახა კალაძემ შპს "კალა კაპიტალ თბილისი" 13 მაისს დაარეგისტრირა და მისი 100%-იანი წილის მფლობელი თავადაა. შესაბამისი დოკუმენტაცია სამეწარმეო რეესტრის ვებგვერდზეა განთავსებული.

კომპანიის დირექტორად ორმაგი მოქალაქეობის მქონე კახაბერ კობაივანოვი იყო მითითებული.

4 ივნისის ცვლილებით, კომპანიის დირექტორად ლანა ხასიდაშვილი დაინიშნა.

bpn-ის ცნობით, ამ დროისთვის, სამეწარმეო რეესტრში კალაძის სახელზე კიდევ ერთი კომპანიაა რეგისტრირებული. პირველი შპს "კალა კაპიტალია", რომელიც 2007 წელს დაფუძნდა და მისი საქმიანობის სფერო საინვესტიციო, საბანკო მომსახურებები და მათთან დაკავშირებული სერვისებია. ასევე 2024 წლის იანვარში შევსებულ დეკლარაციაში აღნიშნულია, რომ ის არის 50%-ის წილის მფლობელი კომპანიის "კალა კაპიტალი საფრანგეთი.პარიზი".