"არჩევნები უნდა იყოს ჯერ საპარლამენტო და მერე ადგილობრივი, ან ერთობლივად – საპარლამენტო და ადგილობრივი" — სალომე ზურაბიშვილის 26 მაისის სიტყვა

ფოტო: NEWS.On.ge
საქართველოს მე-5 პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი რუსთაველის გამზირზე 26 მაისის აღსანიშნავ აქციას შეუერთდა. ზურაბიშვილმა დღევანდელი დღე და გამარჯვება მიულოცა მოქალაქეებს. მან სინდისის პატიმარ მზია ამაღლობელზეც ისაუბრა და თქვა, რომ "ის არის ჩვენი სახე და ჩვენი ღირსება".
"გაუმარჯოს დამოუკიდებლობას, გაუმარჯოს საქართველოს!
დღეს ბევრი შეიძლება კითხულობდეს, რა დროს ზეიმია, რატომ ვზეიმობთ 26 მაისს, რატომ ვზეიმობთ იმ დროს, როცა პატიმრები ციხეში არიან სრულიად უსამართლოდ და მათი მშობლები აქ დგანან. რატომ ვზეიმობთ, როცა ქვეყანაში სუფევს უსამართლობა, როცა დღითი დღე აქრობენ ჩვენს სახელმწიფოებრიობას, როცა უწყობენ ხელს და შემოჰყავთ საუკუნოვანი მტერი. რატომ ვზეიმობთ, ეს კითხვა ყველას გვაქვს ჩვენ იმიტომ ვზეიმობთ, რომ უკვე გამარჯვებულები ვართ. უკვე გამარჯვებული ვართ იმიტომ, რომ საუკუნეების მანძილზე საქართველომ ყველაფერს გაუძლო და მოვიდა დღემდე, უკვე გამარჯვებულები ვართ იმიტომ, რომ 117 წლის წინ საქართველომ დაიბრუნა დამოუკიდებლობა და სუვერენიტეტი. გამარჯვებულები ვართ იმიტომ, რომ ოკუპაციიდან 70 წლის შემდეგ საქართველომ აღადგინა თავისი დამოუკიდებლობა 1991 წლის 9 აპრილს. იმიტომ ვართ გამარჯვებულები, რომ რეფერენდუმი ჩატარდა და ყველანი ერთად ვიყავით და ყველამ ერთად გადავწყვიტეთ, რომ დამოუკიდებლობა უნდა დაგვებრუნებინა და აღგვედგინა. ჩვენ იმიტომ ვართ გამარჯვებულები, რომ უკვე ორი წელია, საქართველო ქუჩაში დგას და იდგა ყოველ ჯერზე, როცა მისი დამოუკიდებლობა, მისი თავისუფლება, მისი მომავალი კითხვის ნიშნის ქვეშ იყო. იდგა 2008 წელს, როცა შემოვიდა რუსეთი. დგას არჩევნებიდან 7 თვის შემდეგ და 6 თვე მას მერე, რაც არალეგიტიმურმა მთავრობამ გადაწყვიტა, რომ შეეწყვიტა ჩვენი გზა ევროპისკენ. დგას საქართველო და ამიტომ გამარჯვებულია.
გამარჯვებულია ერთი ქალი, რომელიც ყველას უძლებს და მას ჰქვია მზია და ის არის ჩვენი სახე და ჩვენი ღირსება. გამარჯვებულია იმიტომ, რომ არცერთმა პატიმარმა თავის ღირსებაზე უარი არ თქვა, იმიტომ, რომ არცერთმა მშობელმა თავის შვილის ღირსებაზე უარი არ თქვა და ყველანი ერთად დგანან დღეს, როგორც ჩვენი ღირსების სიმბოლოები.
ამიტომ, გვაქვს უფლება, რომ დღეს აქ ერთად ვიზეიმოთ 26 მაისი," — განაცხადა ზურაბიშვილმა. (სტილი დაცულია)
სალომე ზურაბიშვილმა ოპოზიციური პარტიების ერთიანობის მნიშვნელობაზეც ისაუბრა და თქვა, რომ ქართული ოცნების მიზანია საზოგადოებასა და პარტიებში განხეთქილება შემოიტანოს, რათა უფრო კარგად "იბატონოს".
"ყველამ ძალიან კარგად ვიცით, რომ ვერც ერთი პარტია მარტო ვერაფერს მიაღწევს. ისიც ძალიან კარგად ვიცით, რომ თუ არა ელემენტარული ერთობა — ქართული ოცნების, რომელსაც აღარაფერი აღარ შეუძლია, ერთადერთი ბერკეტი და ერთადერთი მიზანი არის, საზოგადოებასა და პოლიტიკურ პარტიებს შორის შემოიტანოს დაყოფა, ეს არის ყველა დიქტატორული რეჟიმის ერთადერთი ხერხი — დაყავი და იბატონე და ეს არ უნდა დავუშვათ, ამიტომ ვმუშაობთ იმაზე და შევქმენით წინააღმდეგობის პლატფორმა," — თქვა ზურაბიშვილმა.
თვითმმართველობის არჩევნებზე საუბრისას ზურაბიშვილმა თქვა, რომ არავინ აპირებს იმ არჩევნებში მონაწილეობის მიღებას, რომელიც "ქართული ოცნების წესებით" ჩატარდება. ზურაბიშვილმა ასევე დასძინა, რომ "ჯერ საპარლამენტო არჩევნები უნდა ჩატარდეს და შემდეგ ადგილობრივი".
"ქართულმა ოცნებამ შემოაგდო ადგილობრივი არჩევნების თემა, როგორც ადრე — პარლამენტში "შევლენო". არც არავინ შესულა და არც არავინ აპირებს ადგილობრივ არჩევნებზე წასვლას, თუ ეს იქნება "ქართული ოცნების" წესებით და "ქართული ოცნების" მანიპულაციის ქვეშ.
სამაგიეროდ, ალბათ, ყველა აპირებს, რომ არჩევნებში მიიღოს მონაწილეობა. ეს არჩევნები უნდა იყოს ჯერ საპარლამენტო და მერე ადგილობრივი ან, ბოლო ბოლო, ერთობლივად საპარლამენტო და ადგილობრივი. ამისთვის აუცილებელია, და ამაზე ნუ დაიწყებთ ეჭვებს და ჭორაობას, აუცილებელია მზადება, აუცილებელია ახალი წესები, რომელსაც შევქმნით "წინააღმდეგობის პლატფორმის" ფარგლებში, რომელიც იქნება ჩვენი პირობებით არჩევნებისთვის. აუცილებელია, რომ დამკვირვებლების მთელი არმია მოვამზადოთ. ეს უკვე დაწყებული უნდა იყოს. აუცილებელია, რომ დიასპორამ გამოიღვიძოს და დაიწყოს რეგისტრაციები, რომ ეს არ იყოს ბოლო წუთში მოუმზადებელი და დაგვიანებული.
ეს მზადება არის ჩვენი, საერთო, იმისთვის, რომ ყველამ ერთად, ოპოზიციამ, დაიცვას ყველას ხმა, ეს არის გამარჯვების ფორმულა და მე ამაში ვარ დარწმუნებული და ჩვენი მისატანია ბოლომდე," — განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა (სტილი დაცულია).
ბოლოს, სალომე ზურაბიშვილმა ქართულ ჯარს და პოლიციას მიმართა. საქართველოს მე-5 პრეზიდენტი დარწმუნებულია, რომ დღევანდელი სამართალდამცავები "კოლექტიური დგებუაძეები" არ არიან და მათ შორის არიან ადამიანები, ვისაც გული შესტკივა საქართველოზე.
"არ შეიძლება არ მივმართო და არ მივულოცო დღევანდელი დღე ქართულ ჯარს. მე დარწმუნებული ვარ, დღევანდელ დღეს მას სტკივა დღევანდელი საქართველოს ბედი, სტკივა სახელმწიფოებრიობის გაქრობა. ყველაფერი ის, რისთვისაც არის მომზადებული, რისთვისაც იბრძოდა და ხვალაც იბრძოლებს, დღეს არის ჩაშლილი და დაშლილი. ამიტომ სტკივა ჩვენს ქართულ ჯარს და მინდა მათ მივულოცო დღევანდელი დღე და ვუთხრა, რომ ისინი ჩვენთან ერთად არიან დღეს, ჩვენს გულში არიან, ჩვენს სულში არიან და ჩვენ ვართ ერთად.
გაგიკვირდებათ და მე მინდა ასევე დღევანდელი დღე მივულოცო ქართულ პოლიციას, რამეთუ მე დარწმუნებული ვარ, ესენი არ არიან კოლექტიური დგებუაძეები, მათ შორის არიან ადამიანები, ვისაც ასევე გული სტკივა ქვეყნისთვის, საქართველოსთვის და იმისთვის, რომ ვერ/არ ასრულებენ იმ მთავარ მოვალეობას, რასაც ჰქვია მოქალაქეების დაცვა. მე მინდა ვისურვო, იმ საქართველოში ვიცხოვროთ ყველამ ერთად, სადაც ქართული ჯარი თავის ადგილზე იქნება და თავის მოვალეობას შეასრულებს ქვეყნის ტერიტორიის დასაცავად და სადაც ქართული პოლიცია თავის მოვალეობას შეასრულებს მოქალაქეების დასაცავად და სადაც ქართველი მოსამართლეები თავის როლს შეასრულებენ იმისთვის, რომ ვიცხოვროთ სამართლიან ქვეყანაში. ეს დღე მოვა. გაუმარჯოს საქართველოს, გაუმარჯოს დამოუკიდებლობას," — განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
სალომე ზურაბიშვილის შემდეგ, რუსთაველის გამზირზე შეკრებილებს სიტყვით ევროპარლამენტარმა, რასა იუკნევიჩიენემ მიმართა და დამოუკიდებლობის დღე მიულოცა.მან სოლიდარობა გამოხატა სინდისის პატიმრებისადმი და ბიძინა ივანიშვილს ახალი, სამართლიანი არჩევნების ჩატარებისკენ მოუწოდა.
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
-
-
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
-
გადახედვა
-
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
-
გადახედვა
-
გადახედვა
კომენტარები