Amazon-ის დამფუძნებელი ჯეფ ბეზოსი და მისი საცოლე, ლაურა სანჩესი, ექსრავაგანტული ქორწილისთვის ემზადებიან. როგორც ცნობილია, "საუკუნის ქორწილი" ვენეციაში ჩატარდება და 3 დღეს გაგრძელდება, თუმცა ადგილობრივები ამ ფაქტით არც ისე აღფრთოვანებულები არიან.

ქორწილი კუნძულ სან ჯორჯო მაჯორეს მახლობლად გაიმართება და მასში ისეთ სახეებს ვიხილავთ, როგორებიც არიან — ოპრა უინფრი, მიკ ჯაგერი, ივანკა ტრამპი, ლეონარდო დიკაპრიო და სხვები. ქორწილში ასევე შევხვდებით პოპ ვარსკვლავ კეტი პერის, რომელთან ერთადაც სანჩესი ჯერ კიდევ აპრილში — კოსმოსში გაფრინდა.

ლორენ სანჩესი და ჯეფ ბეზოსი

ლორენ სანჩესი და ჯეფ ბეზოსი

ფოტო: hola.com

წყვილმა ქორწილის დანარჩენი დეტალები საიდუმლოდ დატოვა, თუმცა, სავარაუდოდ, იგი 24 ივნისიდან 27 ივნისამდე გაიმართება.

რატომ აპროტესტებენ ქორწილს ადგილობრივები?

დემონსტრანტები ქორწილთან დაკავშირებით მრავალი შეშფოთება გამოთქვეს, მათ შორის აღნიშნეს ლოგისტიკური დარღვევები, გარემოზე იახტებისა და კერძო თვითმფრინავების უეცარი შემოდინებით მიყენებული ზიანი.

მათი თქმით, ქორწილის მასპინძლობა ხაზს უსვამს იმას, რომ ვენეცია უპირატესობას ანიჭებს არა მისი ადგილობრივების კეთილდღეობას, არამედ — ტურიზმს.

საპროტესტო პლაკატები ვენეციის ქუჩებში

საპროტესტო პლაკატები ვენეციის ქუჩებში

ფოტო: Luca Bruno

"ბეზოსი მთელ ქალაქს საქორწილო დარბაზად აღიქვამს, თითქოს იქ მოქალაქეები არ ცხოვრობენ", -— განუცხადა Sky News-ს დემონსტრანტმა ალის ბაზოლიმ.

რეგიონის გუბერნატორის, ლუკა ზაიას თქმით, ქორწილის ჩატარება ვენეციას, სავარაუდოდ, 23-34 მილიონი დოლარის სარგებელს მოუტანს. მიუხედავად იმისა, რომ ეს ადგილობრივ ეკონომიკას აუცილებელ ბიძგს მისცემს, მოქალაქეები წუხან, რომ ამ თანხის სარგებელს ისინი პირადად ვერ იხილავენ.

"დიახ, ეს ქორწილი შემოსავალს მოიტანს, მაგრამ ჩვენ ვერანაირ სარგებელს ვერ ვიხილავთ".

ფოტო: Federica Toninelli

პროტესტი ასევე მოიცავს უფრო ფართო საკითხებს — ადგილობრივებისთვის ხელმიუწვდომელ საცხოვრებლებს, ვენეციის ისტორიულ ცენტრში მოსახლეობის შემცირებასა და ტურისტების მოზღვავებულ რაოდენობას.

რა შედეგები მოჰყვა პროტესტს?

ვენეციის მერმა, ლუიჯი ბრუნიარომ, პარასკევს ჟურნალისტებს განუცხადა, რომ მას რცხვენია ამ პროტესტის და თქვა, რომ აუცილებლად მოუწევთ ბეზოსისთვის ბოდიშის მოხდა.

"იმედი მაქვს, ბეზოსი მაინც მოვა", — თქვა ბრუნიარომ — "ყველა ვენეციელი დემონსტრანტების მსგავსად არ ფიქრობს".

ორშაბათს, საერთაშორისო გარემოსდაცვითი ჯგუფის, გრინპისის აქტივისტებმა ჯეფ ბეზოსის სურათით გიგანტური ბანერები გამოფინეს

ფოტო: Stefano Rellandini / Getty Images

ვენეციის მერიამ ადრე უარყო ის ფაქტი, რომ ჯეფ ბეზოსის ქორწილი ადგილობრივების ინტერესებს შეაფერხებდა და, ვაპორეტო, ვენეციაში ყველაზე გავრცელებული საზოგადოებრივი ტრანსპორტი — "საუკუნის ქორწილის" პარალელურად — ჩვეულებრივად იმუშავებდა.

"ვენეცია მიჩვეულია ყოველ კვირას ღონისძიებებისა და შოუების ჩატარებას, თუმცა ამას მნიშვნელოვანი გავლენა ადგილობრივებზე არასოდეს მოუხდენია", — ამბობს ბრუნიარო.

მან დასძინა, რომ ქალაქს დიდი ღონისძიებების წარმატებით მასპინძლობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს.

კიდევ რა ღონისძიებებს უმასპინძლა ვენეციამ?

ჯორჯ და ამალ კლუნები, როგორც ცნობილია, იქ 2014 წელს დაქორწინდნენ.

ჯორჯ კლუნისა და ამალ კლუნის ქორწილი ვენეციაში

ჯორჯ კლუნისა და ამალ კლუნის ქორწილი ვენეციაში

ფოტო: Luigi Costantini / Associated Press

მსახიობი ცერემონიაზე, სტუმრებთან ერთად, ნავით მივიდა. მათ თან ახლდნენ მეთ დეიმონი და სინდი კროუფორდი.

ბოლო წლებში ვენეციამ უმასპინძლა მსოფლიო ლიდერებს 2021 წლის G20 სამიტზე. და ამავდროულად, ქალაქი ყოველწლიურად მასპინძლობს ვენეციის კინოფესტივალს.

ანტი-ტურისტული საპროტესტო აქციები

ვენეცია ერთადერთი ევროპული ქალაქი არ არის, სადაც ადგილობრივები ტურისტების რაოდენობით არიან შეშფოთებულები.

ფოტო: AP Photo/Emilio Morenatti

გასულ კვირას, ბარსელონასა და ესპანეთის კუნძულ მალიორკაზე საპროტესტო აქციის მონაწილეებმა ტურისტებს წყლის თოფებით წყალი შეასხურეს. საპროტესტო აქციები ჭარბი ტურიზმის შედეგებით აღშფოთებული აქტივისტების პირველი კოორდინირებული ძალისხმევა იყო.

შეგახსენებთ, რომ გასულ წელს ვენეციამ მიიღო წესი, რომლის მიხედვითაც ქალაქში შესვლა €5 გახდა. ქალაქის მერის განმარტებით, მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში შესულ ვენეციას ამ გზით ტურისტების დიდი ნაკადისგან და ამით მიყენებული ზიანისგან იცავენ (წესი არ მოქმედებს ვენეციის მაცხოვრებლებზე, 14 წლამდე ბავშვებზე, მოხუცებსა და სტუდენტებზე).

აღსანიშნია, რომ თუ ტურისტმა ქალაქში ვიზიტამდე ოთხ დღეზე ადრე არ დაჯავშნა ბილეთი, მას ორმაგის გადახდა მოუწევს.