"დრაკონის" საიდუმლო ამოიხსნა — მეცნიერებმა უცნაური თავის ქალის წარმომავლობას მიაკვლიეს

ფოტო: iStock Photos
ჰარბინის თავის ქალა, რომელსაც ხშირად "დრაკონის კაცის" თავის ქალასაც ეძახიან, ამ დრომდე უდიდეს გამოცანად რჩებოდა. მისი მსგავსი აქამდე არავის არაფერი უნახავს — ითვლებოდა, რომ იგი ადამიანის არცერთ ჩვენთვის ცნობილ წინაპარს არ შეესაბამებოდა.
ახალი კვლევით მეცნიერებმა დაადგინეს, რომ აღნიშნული თავის ქალა ადამიანების "ბიძაშვილს" — დენისოველს — ეკუთვნოდა.
ასევე იხილეთ: ნეანდერტალელების გარდა, თანამედროვე ადამიანებში სხვა გადაშენებული სახეობის დნმ-იცაა
ნამარხი 1933 წელს ჩინეთის ქალაქ ჰარბინში მუშამ აღმოაჩინა. ამ დროს რეგიონი იაპონელებს ჰქონდათ ოკუპირებული. კონფისკაციის შიშით კაცმა თავის ქალა ჭაში ჩამარხა, სადაც ნეშტმა 80 წელზე მეტი გაატარა. სიკვდილის წინ კი კაცმა საიდუმლო ოჯახის წევრებს გაუზიარა. მათ ნეშტი ადგილობრივ უნივერსიტეტს გადასცეს.
მკვლევრებმა თავის ქალა პირველად 2021 წელს აღწერეს. მათი ვარაუდით, იგი 146 ათასი წლის მაინც უნდა ყოფილიყო. გარდა ამისა, თავის ქალა იმდენად უჩვეულო იყო, რომ მეცნიერებმა ის ახალ სახეობას, Homo longi-ს, მიაკუთვნეს. ეს "დრაკონის მდინარის ადამიანს" ნიშნავს. ეს სახელი მკვლევრებმა ხეილუნგძიანგი (შავი დრაკონის მდინარე) პატივსაცემად შეარჩიეს. ეს ის პროვინციაა, სადაც თავის ქალა იპოვეს.
ასევე იხილეთ: აღმოაჩინეს 120 000 წლის წინ გადაშენებული ადამიანის სახეობა, რომელსაც გიგანტური თავი ჰქონდა
ნამარხს უამრავი უცნაური მახასიათებელი ჰქონდა, მაგალითად გრძელი ტვინის ქალა, უზარმაზარი წარბის ქედები და ფართო თვალბუდეები. ზოგმა ექსპერტმა ნეშტი დენისოველებს მიაკუთვნა, სხვებმა კი აღმოსავლეთ აზიაში მცხოვრებ ნაკლებად შესწავლილ უძველეს ჰომინიდებს.
მოლეკულური მინიშნებები
სამეცნიერო საზოგადოებაში მიმდინარე დებატები ახალი კვლევით გადაიჭრა. საამისოდ ნაშრომის ავტორებმა მოლეკულური მტკიცებულება გამოიყენეს.
კვლევის ავტორები პალეონტოლოგიისა და პალეოანთროპოლოგიის ინსტიტუტის მკვლევრები არიან. აღნიშნული დაწესებულება პეკინის ჩინური მეცნიერებათა აკადემიის ნაწილია. მათ თავის ქალაში ნაპოვნი კბილის ქვიდან გენეტიკური მასალის მიღება სცადეს. კბილის ქვა ნადებია, რომელიც დნმ-ს ათასობით წლის განმავლობაში ინახავს.
მეცნიერებმა ბირთვული დნმ ვერ მოიპოვეს. ამისდა მიუხედავად, მათ მიტოქონდრიული დნმ აღადგინეს. იგი ადამიანებს დედის ხაზით გადმოგვეცემა. ამან ციმბირის ტერიტორიაზე მცხოვრებ დენისოველთა გენომთან აშკარა კავშირი გამოავლინა.
ამ ყველაფრის პარალელურად მკვლევრებმა თავის ქალის კლდოვანი ძვლის პროტეომული ანალიზი ჩაატარეს. ეს ყურის შიდა ძვალია, რომელიც უძველეს ცილებსაც კი ინახავს. მიღებული ცილათა თანმიმდევრობები თანამედროვე ადამიანებს, ნეანდერტალელებს, დენისოველებსა და სხვა პრიმატებს შეადარეს. მტკიცებულება მაინც დენისოველებზე მიანიშნებდა.
დენისოველებს დიდი ხნის განმავლობაში მხოლოდ გენეტიკური ფრაგმენტებითა და კბილებით/ძვლებით ვიცნობდით. ახლა ამ ჰომინიდებს სახეც აქვთ — "დრაკონის კაცის" სახე.
ნამარხით გამოვლენილი სახე
ახალი მიგნება დენისოველების საცხოვრებელ არეალსა და გარეგნობაზეც გვიქმნის ახალ პერსპექტივას. აქამდე მიიჩნეოდა, რომ ეს ჰომინიდები მხოლოდ ციმბირში სახლობდნენ. ახალი კვლევით კი დადასტურდა, რომ ისინი ჩრდილოეთ ჩინეთშიც ცხოვრობდნენ. შესაძლოა, ყოფილიყვნენ აზიის სხვა ნაწილებშიც, მათ შორის ტაივანთან ახლოს.
ასევე იხილეთ: ტაივანში მიკვლეულმა ყბის ძვალმა ადამიანის გადაშენებული სახეობის საიდუმლოს ახადა ფარდა
თუ "დრაკონის კაცი" ტიპური დენისოველი იყო, უნდა ვივარაუდოთ, რომ ამ სახეობას ძლიერი აღნაგობა და წარბის ამოზნექილი ქედი ექნებოდა. სავარაუდოდ, მათი ტვინი ნეანდერტალელებისა და ადამიანების ტვინის ზომის იყო, მათი კბილები კი — შესამჩნევად დიდი.
აღმოჩენამ შუა პლეისტოცენის ეპოქასაც მოჰფინა შუქი. ეს 789-126 ათასი წლის წინანდელი პერიოდია. ამ დროს ნეანდერტალელები, დენისოველები და ადრეული ჰომო საპიენსები თანაცხოვრობდნენ და ხანდახან ჯვარდებოდნენ.
ახლა, როცა მეცნიერებს დენისოველების გარეგნობაზე უფრო ზუსტი წარმოდგენა აქვთ, პალეოანთროპოლოგებს აზიაში მიმოფანტული ნამარხების კლასიფიცირება უკეთ შეუძლიათ.
კვლევა გამოცემაში Cell გამოქვეყნდა.
კომენტარები