ალბერტ აინშტაინის მიერ 1952 წელს იაპონური ჟურნალისთვის დაწერილი წერილი აუქციონზე გამოიტანეს. მას "ჩემი მონაწილეობა ატომური ბომბის პროექტში" ჰქვია. წერილში გლობალური ბირთვული იარაღის შესახებ მეცნიერის მოსაზრებებია აღწერილი. მისი დაწერა აინშტაინს ჟურნალის დირექტორმა სთხოვა, რათა აეხსნა, რატომ უჭერდა მხარს ამერიკის მიერ ბირთვული იარაღის შექმნას.

აინშტაინი უშუალოდ ატომური ბომბის შექმნაში არ მონაწილეობდა. მან 1939 წლის აგვისტოში პრეზიდენტ ფრანკლინ რუზველტს ცნობილი წერილი გაუგზავნა. ტექსტში მეცნიერი ამერიკელებს აფრთხილებდა, რომ ადოლფ ჰიტლერი და ნაცისტური პარტია, სავარაუდოდ, ატომურ იარაღს ქმნიდა. წერილმა რუზველტს უბიძგა, აშშ-ში საიდუმლო ბირთვული პროგრამა დაეწყო, რომელსაც მანჰეტენის პროექტი ეწოდა.

მთელი ცხოვრების განმავლობაში აინშტაინი პაციფისტი იყო. მოგვიანებით ის ძალიან ნანობდა, რომ აშშ-ის მიერ ატომური ბომბის შექმნას ხელი შეუწყო. სიცოცხლის მიწურულს მან რუზველტისადმი მიწერილ წერილს "ერთადერთი დიდი შეცდომა" უწოდა.

"ომის დროს ხოცვა, ვფიქრობ, ჩვეულებრივ მკვლელობაზე უკეთესი არაა", — დაწერა მან 1952 წლის წერილში.

ფოტო: Bonhams

Bonhams-ის მიხედვით, რომელიც ამ წერილს აუქციონზე ყიდის, ის კაცუ ჰარას საპასუხოდ დაიწერა, რომელიც აინშტაინის ძველი მეგობარი და იაპონური ჟურნალის Kaizō რედაქტორი იყო. მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ჰარამ მეცნიერს რამდენიმე წერილი გაუგზავნა. ერთ-ერთში მან პირდაპირ ჰკითხა:

"რატომ ითანამშრომლე ატომური ბომბის წარმოებაში, მიუხედავად იმისა, რომ მისი გამანადგურებელი ძალის შესახებ იცოდი?"

ეს კითხვა მოდიოდა კოლეგისგან, რომლის ქვეყანაც აშშ-ის ორი ატომური ბომბით განადგურდა. ჰიროსიმასა და ნაგასაკიზე 1945 წლის 6 და 9 აგვისტოს თავდასხმებმა 100 000-ზე მეტი ადამიანი იმსხვერპლა. ამან, როგორც ჩანს, აინშტაინზე ძალიან იმოქმედა. მისი თქმით, მეტისმეტად სერიოზულად ეჩვენა, რომ ატომური ბომბი პირველს გერმანიას შეექმნა.

"ძალიან კარგად ვიცოდი, მთელ კაცობრიობას რა საშინელი საფრთხეც ელოდა, თუ ეს ექსპერიმენტები წარმატებით დასრულდებოდა", — წერდა მეცნიერი წერილში — "სხვა გამოსავალს ვერ ვხედავდი".

გარდა ამისა, აინშტაინი ყველას მოუწოდებდა, რომ ომზე უარი ეთქვათ. მან მაჰათმა განდი დაახასიათა, როგორც "ჩვენი დროის უდიდესი პოლიტიკური გენიოსი", რადგან ის ბრიტანეთის კოლონიურ მმართველობას ინდოეთში არაძალადობრივად აპროტესტებდა.

ჰარამ წერილი თავდაპირველად 1952 წელს იაპონურ თარგმანთან ერთად გერმანულ ენაზე გამოაქვეყნა. აუქციონზე გამოტანილი ტექსტი მისი პირველი ინგლისური ვერსიაა, რომელიც 1953 წელს ფიზიკოსმა ჰერბერტ იელემ აინშტაინის დახმარებით თარგმნა. დოკუმენტს ბოლოს ავტორის ხელმოწერა აქვს და ტექსტში ფანქრით შეტანილი შესწორებებიც ჩანს. იელემ ვერსია გამოცემაში Society for Social Responsibility in Science გამოაქვეყნა.

აუქციონი 24 ივნისს დაიხურება. ვარაუდობენ, რომ ის დაახლოებით 100 000-დან 150 000-მდე დოლარად გაიყიდება.

თუ სტატიაში განხილული თემა და ზოგადად: მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში – შემდეგი ჯგუფი.