ილონ მასკის საყვარელი 7 ანიმე, რომელიც უნდა ნახოთ

ფოტო: Anmosugoi
მას შემდეგ, რაც ტრამპთან პოლიტიკური თანამშრომლობა დაიწყო, ილონ მასკის საჯარო იმიჯი მკვეთრად შესუსტდა. მისი ახლანდელი დაპირისპირება პრეზიდენტთან კი კიდევ უფრო კარიკატურულს ხდის მის ფიგურას, რომელიც ერთ დროს ყველასთვის საინტერესო და მომავლის იდეებით სავსე ადამიანი იყო.
თუმცა დღეს არ გესაუბრებით მის კონტროვერსიულ აზრებზე ან ჟესტებზე, არამედ პლანეტის ყველაზე მდიდარი ადამიანის საყვარელ ანიმეებზე, რომელთაგან ზოგი ამოგაცნობინებთ მასკის ფსიქოტიპს, ზოგი პირიქით გაგაკვირვებთ, რა საერთო იპოვა ილონმა ამ ანიმეებთან. თუმცა უნდა ვაღიაროთ, რომ იდეალური რეკომენდაციებია და თუ ვინმეს ამ სიიდან რომელიმე ანიმე არ გაქვთ ნანახი — აუცილებლად გირჩევთ. აქვე დავძენთ, რომ ანიმეებზე პოსტი მასკმა 2021 წელს X-ზე (ტვიტერი) გამოაქვეყნა, შესაბამისად, შეიძლება სია ახლა ცოტა სხვანაირიც იყოს.
1. Your Name (შენი სახელი)

შენი სახელი
ფოტო: Polygon
სიის ამ ანიმეთი დაწყება, მასკიგან ცოტათი მოულოდნელია. შენი სახელი რომანტიკული დრამაა ერთმანეთთან ბედით დაკავშირებულ წყვილზე, რომლებიც მისტიკური გზებით იკვეთებიან. მიცუჰას დიდ ქალაქში ცხოვრება და ბიჭად ყოფნა სურს, არქიტექტურით გატაცებული ტაკი კი ცდილობს ცხოვრებაში ფეხის მოკიდებას. მაგრამ, როდესაც პერსონაჟებს სხეულები შეეცვლებათ, უწევთ ერთმანეთი იპოვონ და გაიგონ ამ უცნაური მოვლენის მიზეზი, რომელიც მათ ცხოვრებას სამუდამოდ შეცვლის.
შენი სახელი ამ სიაში ყველასგან განსხვავებული ანიმეა. რომანტიკული დრამა, სადაც არანაირი დაძაბულობა არ გვხვდება. თუმცა, ეს ამ ანიმეს, რომელსაც შეუძლია ნებისმიერს აუჩუყოს გული და აატიროს (როგორც ჩანს, მასკსაც) არაფერს აკლებს. შენი სახელი გვიან გარდატეხის ასაკში მყოფ პერსონაჟებზე მომხიბვლელი ფილმია, რომელიც მოზარდობის სირთულეებს და გამოწვევებს იკვლევს.
2. Ghost In The Shell (მოჩვენება ჯავშანში)

მოჩვენება ჯავშანში
ფოტო: mubi
მიუხედავად იმისა რომ ანიმეს ფანები წელს მამურო ოშის ახალ ფილმს, სკარლეტს ელოდებიან, ნაკლებ სავარაუდოა, რომ იაპონელი რეჟისორის 1995 წლის ანიმემ, მაგნუმ ოპუსის სტატუსი დაკარგოს. მოჩვენება ჯავშანში კიბერპანკ თრილერია, სადაც ადამიანები უკვე კიბერტვინებით ცხოვრობენ, კრიმინალი ტერორისტი მათ მოგონებებს იპარავს, მაიორი, მოტოკო კუსანაგი კი მის შეჩერებას და საკუთარ თავში გამორკვევას ცდილობს.
ფილმმა მოჩვენება ჯავშანში თავისი ესთეტიკით, ანიმაციით, ექშენითა და ფილოსოფიური იდეებით სამეცნიერო ფანტასტიკის ჟანრი ბევრად წინ წაწია. დღეს კი როცა ხელოვნური ინტელექტი სამყაროს თავდაყირა აყენებს, ფილმის რელევანტურობაში ეჭვი არავის ეპარება, იქიდან გამომდინარე, რომ უკვე ყველას გვებადება შეკითხვა: ოცნებობენ ანდროიდები ელექტრონულ ცხვრებზე?
3. Death Note (სიკვდილის დღიური)

სიკვდილის დღიური
ფოტო: THEGAMER
2000-იანები ანიმეს ოქროს ხანაა, სიკვდილის დღიური კი სენსაცია, რომელმაც ფართო მასები მოიცვა და ყველას სანახავ სიაში იყო. გენიოსი ლაით იაგამი საშუალო სკოლის მოსწავლეა, როდესაც იპოვის დღიურს, რომლითაც, ადამიანების დახოცვაა შესაძლებელი. იაგამი გადაწყვეტს თავისი ცოდნა გამოიყენოს და შექმნას უკეთესი სამყარო, სადაც თავად იქნება ღმერთი.
სიკვდილის დღიური თავისი ფსიქოლოგიური და ფილოსოფიური იდეებით კლასიკად ქცეული ანიმეა, რომელიც ბევრისთვის ანიმეს სამყაროს კარის გასაღებად იქცა. შესაბამისად, გასაკვირი არ არის რომ მისით ილონიც მოიხიბლა და იქნებ ბოლო დროს მემარჯვენე კონსერვატორად ქცეულს, საკუთარი თავი კირასთანაც დაეკავშირებინა.
4 Princess Mononoke (პრინცესა მონონოკე)

პრინცესა მონონოკე
ფოტო: CBR
ყველას უყვარს სტუდიო გიბლი, მასკიც არ აღმოჩნდა გამონაკლისი, რომელმაც ამ სიაში გიბლის 2 ფილმი შეიყვანა, მათგან პირველი კი პრინცესა მონონოკეა. მას შემდეგ, რაც პრინც აშიტაკას, დემონი ტახი ბრძოლაში მხარს დაუინფიცირებს, აშიტაკა განსაკურნებლად მიდის, მაგრამ გზად გადააწყდება ომს — ადგილობრივ ტომსა და ბოროტი ალქაჯის არმიას შორის. პრინცესა ცდილობს გადაარჩინოს ტყე ალქაჯი ებოშისგან, აშიტაკა კი დაეხმარება დემონს იმ მიზნით, რომ განიკურნოს და წმინდა ტყე გადაარჩინოს.
რთულია ვინმეს პრინცესა მონონოკე არ უყვარდეს. ის გიბლის ერთ-ერთი გამორჩეული ფილმია თავისი დრამით, დაძაბულობით, სიუჟეტით, თემატიკითა და ანიმაციით. ფილმს კინომოყვარულთა ყველა ვებ-გვერდზე მაღალი შეფასება აქვს (Letterboxd, IMDB, Rotten Tomatoes და სხვა...). საბრძოლო სცენები დაუვიწყარია, რასაც სტუდიო გიბლის ხარისხი სულ ახალ ეტაპზე აჰყავს.
5. Fullmetal Alchemist (სრულმეტალისებრი ალქიმიკოსი)

სრულმეტალისებრი ალქიმიკოსი
ფოტო: CBR
ალქიმიკოსების საძმო ანიმეს ფანებისთვის დიდი ხნის განმავლობაში იყო საუკეთესო ანიმე სანამ ფრიერენი: მოგზაურობა დასასრულს მიღმა არ დაათმობინებდა პირველ ადგილს (Myanimelist-ის მიხედვით), თუმცა ცხადია, რომ ეს მას არაფრით აკნინებს. მასკი კი, როგორც ჩანს, დაძაბული ანიმეების დიდი მოყვარულია.
დაობლებული ძმები ედუარდი და ალფონსი, ცდილობენ დედა ალქიმიის საშუალებით გააცოცხლონ. სამწუხაროდ მათი სურვილი ფიასკოთი სრულდება და ძმები საკუთარი სხეულის ნაწილებს კარგავენ. ედუარდი თავის მხარს გასწირავს იმისათვის, რომ ალფონსი გადაარჩინოს, რომელიც ფიზიკურად მხოლოდ ასე შეძლებს არსებობას. ძმის სულს ჯავშანში მოაქცევს, რის შემდეგაც ძმები საკუთარი სხეულის ნაწილების აღსადგენად ფილოსოფიური ქვის ძებნას შეუდგებიან.
6. Spirited Away (მოჩვენების მიერ გატაცებული ან აჩრდილწაღებული)

მოჩვენების მიერ გატაცებულნი
ფოტო: acmi
ბევრს გაგვიკვირდება ამ სიაში მულტიმილიარდერი, ავანტიურისტი ბიზნესმენისგან იმ ანიმეს ხილვა, რომელიც კაპიტალიზმისა და სოციალური ექსპლუატაციის ბნელ მხარეებზე გვესაუბრება. თუმცა, როგორც ჩანს, თვით მასკზეც მოუხდენია გავლენა ჩიჰიროს თავგადასავალს, რომელიც სულების სამყაროში მოგზაურობს, რათა თავის მშობლებზე დადებული წყევლა მოხსნას და ღორად ქცეულ დედ-მამას ადამიანის ფორმა დაუბრუნოს.
მიუხედავად ქვეტექსტებისა, მოჩვენების მიერ გატაცებული ერთ-ერთი ყველაზე ზღაპრული და სასიამოვნოდ საყურებელი ანიმეა, რომელიც ნებისმიერი ასაკზეა გათვლილი. ხელით ბრწყინვალედ შესრულებულმა ანიმაციამ, კარგად დაწერილმა პერსონაჟებმა, რომელთაც მაყურებელი მთელი ფილმის განმავლობაში თანაუგრძნობს და მკაფიო მესიჯმა, ფილმს ანიმაციების სამყაროში მოწინავე ადგილი დაუმკვიდრა და დღემდე ერთადერთ ოსკაროსან ანიმედ რჩება.
7. Neon Genesis Evangelion (ევანგელიონი)

ევანგელიონი
ფოტო: Hubpages
მასკის სიაში კიდევ ერთი კლასიკა გვხვდება, ჰიდეკი ანოს შედევრი და ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ანიმე. დისტოპიური სამყარო, უცხოპლანეტელი ანგელოზები და დედამიწა, რომელიც მესამე კატასტროფის წინაშე დგას. შინჯი და სხვა რჩეული ბავშვები კაცობრიობის გადარჩენის უკანასკნელი იმედი არიან, რათა შეაჩერონ უცხო არსებები და SEEL-ის გეგმები.
მასკის სიაში ბევრჯერ შეხვდებით ფილოსოფიური და ფსიქოლოგიური თემატიკით გაჯერებულ ანიმეებს, რომლებსაც საოცარი ხარისხი და სცენარი აქვს. ევანგელიონიც ერთ-ერთი მათგანია, ემოციურად კომპლექსური პერსონაჟებითა და ბიბლიური სახე-სიმბოლოებით.
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
კომენტარები