ქართული ოცნების მთავრობას "NATO-ს სამიტი 2025"-ზე მოსაწვევი ამ დრომდე არ მიუღია — ამის შესახებ BM.GE-ს ადმინისტრაციაში განუცხადეს.

2023 წლის ვილნიუსის სამიტზე გადაწყდა, რომ 2025 წლის სამიტი ნიდერლანდების ქალაქ ჰააგაში ჩატარდებოდა.

თეთრი სახლის ცნობით, აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ივნისში, ჰააგაში დაგეგმილ NATO-ს სამიტს დაესწრება, სადაც ის მთავარ აქცენტ თავდაცვის ხარჯების გაზრდაზე გააკეთებს.

"შემიძლია დავადასტურო, რომ ის NATO-ს სამიტზე წავა, დიახ", — განაცხადა თეთრი სახლის პრესმდივანმა კაროლინ ლივიტმა.

სამიტს ესწრებიან ალიანსის წევრი ქვეყნები. ამას გარდა, სამიტზე იწვეულია უკრაინის პრეზიდენტიც.

"NATO-ს სამიტი 2025"-ზე მიწვეულია უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი. ამის შესახებ ზელენსკიმ 2 ივნისს ჟურნალისტებთან Zoom-ით საუბრისას განაცხადა.

"ჩვენ გვქონდა შეხვედრა NATO-ს გენერალურ მდივანთან. NATO-ს სამიტზე მიგვიწვიეს. ვფიქრობ, ეს მნიშვნელოვანია," — განაცხადა ზელენსკიმ ჟურნალისტებთან Zoom-ით საუბრისას.