კამპანია "ყოველი წვეთი ძვირფასიას" ახალი, საგანმანათლებლო ეტაპი დაიწყო, რომელიც მიზნად ისახავს სკოლის მოსწავლეებისა და ახალგაზრდების ცნობიერების ამაღლებას — წყლის სრული ციკლის, მისი, როგორც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი რესურსისა და მდგრადი გამოყენების მნიშვნელობის შესახებ.

კამპანია მოიცავს ინოვაციურ საგანმანათლებლო აქტივობებს, მათ შორის, ინტერაქტიული სემინარების ჩატარებას თბილისის ასი სკოლის 2500-ზე მეტი მოსწავლისთვის.

ფოტო: ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი

კამპანიის პირველი ეტაპის ფარგლებში, თბილისის სკოლების მოსწავლეებმა უკვე მოინახულეს ჯივიპის სათავე ნაგებობა, საფილტრე სადგური და ლაბორატორია — ადგილზე გაეცნენ წყლის გადამუშავების პროცესებს და აღმოაჩინეს, თუ რამდენად რთულ გზას გადის წყალი ბუნებრივი გარემოდან ონკანებამდე.

მიმდინარე ეტაპზე აქტიურად ტარდება სემინარები სკოლებში. მოსწავლეები წყლის სრული ციკლის შესახებ მნიშვნელოვან ინფორმაციას იღებენ — ეცნობიან ვიდეო პრეზენტაციასა და ბეჭდურ მასალებს, თამაშობენ პროექტის ფარგლებში მომზადებულ სამაგიდე თამაშს, რომელიც სახალისოდ ამყარებს მიღებულ ცოდნას.

კამპანია ყოველი წვეთი ძვირფასია 2026 წლის მარტამდე გაგრძელდება. სასკოლო ღონისძიებების პარალელურად, კამპანიის ფარგლებში იგეგმება არაერთი საინტერესო პროექტი, რომელიც საზოგადოების ფართო სეგმენტის ჩართვას ითვალისწინებს იმისთვის, რომ რაც შეიძლება მეტ ადამიანს გაუღრმავდეს ცოდნა იმის შესახებ, რა მასშტაბის ინფრასტრუქტურისა და შრომის ფასად გარდაიქმნება ბუნებიდან მოპოვებული ნედლი წყალი მაღალი ხარისხის სასმელ წყლად.