ნახეთ: ჯეიმს ვების ტელესკოპმა ახალი ფოტო გადაიღო, რომელზეც თითქმის ყოველი წერტილი გალაქტიკაა

ფოტო: COSMOS-Web team
ვების კოსმოსური ტელესკოპი ჩვენს გაოცებას აგრძელებს და ამჯერად ახალი ფოტო შემოგვთავაზა, რომელზეც თითქმის 12 მილიარდი წლის წინანდელი სამყაროა ასახული.
აღსანიშნავია, რომ მთელი ეს სამყარო ცის ერთ პატარა მონაკვეთშია მოქცეული, სავსე მთვარის თითქმის მეხუთედში.
ერთი შეხედვით, ეს ფოტო ცის ჩვეულებრივ ხედს მოგვაგონებს, მაგრამ გასათვალისწინებელი მნიშვნელოვანი ფაქტორია — სინათლის უდიდესი ნაწილი აქ არა ვარსკვლავი, არამედ გალაქტიკაა.

ფოტო: COSMOS-Web team
მსგავს ფოტოებზე ვარსკვლავებისა და გალაქტიკების გარჩევა მარტივია, რადგან მხოლოდ ვარსკვლავებს აქვს დიფრაქციული წვეტები. ეს მაშინ ხდება, როდესაც შუქის წყარო შედარებით ერთ წერტილშია კონცენტრირებული. ვარსკვლავისგან განსხვავებით, რომელიც ერთი ობიექტია, გალაქტიკების სინათლე ნაკლებად კონცენტრირებულია და ამიტომ, მას ასეთი ეფექტი არ აქვს.
მაგალითად, ამ კონკრეტული ფოტოს ფოკუსი ცენტრიდან ოდნავ ქვემოთ კონცენტრირებული გალაქტიკათა ჯგუფია და ის ოქროსფრად კაშკაშებს. გალაქტიკების ამ ჯგუფიდან შუქმა ჩვენამდე 6.5 მილიარდი წელი იარა — სამყაროს ასაკის თითქმის ნახევარი.
დაკვირვებები COSMOS-Web-ის პროგრამის ფარგლებში ჩატარდა. ამ პროექტის მიზანი გალაქტიკათაგროვების კატალოგიზაციაა, რათა სამყაროს ევოლუციაზე მეტი ინფორმაცია მივიღოთ.
გალაქტიკების განაწილება სამყაროში შემთხვევითი ან უწესრიგო არ არის. სამყაროში გალაქტიკები კლასტერებად არის ორგანიზებული, რომლებიც ერთმანეთთან ბნელი მატერიითაა დაკავშირებული.
ჯეიმს ვების ტელესკოპის მონაცემებისა და ჩანდრას X-ray ობსერვატორიის კოლაბორაციამ ცხადყო, თუ რამდენად დიდია ეს ჯგუფი, რომელიც ხედვის არეალში იდენტიფიცირებულთა შორის ყველაზე მასიურთაგანია. ცხელი გაზი, რომელიც კლასტერს ავსებს, საკმარისად ძლიერად ანათებს რენტგენის გამოსხივებაში, რათა ჩანდრამ მისი აღმოჩენა შეძლოს.
მეორე მხრივ, ამ ფოტოში ბევრად მეტის დანახვაც შეიძლება. ასტრონომებმა ფოტოზე გალაქტიკათა 1 678 ჯგუფი გამოავლინა — საუბარია ჯგუფზე და არა ცალკეულ გალაქტიკაზე! საშუალოდ თითო ასეთ ჯგუფში ასზე მეტი გალაქტიკაა.
უფრო მეტიც, ცის ეს პატარა მონაკვეთი (რომელსაც ვები დააკვირდა), არაფრითაა გამორჩეული — ის ზომაში მხოლოდ 6.44-6.44 არკმინუტია. მასშტაბების უკეთ წარმოსადგენად, სავსე მთვარის სიგანე ცაზე 30 არკმინუტია. ეს ნიშნავს, რომ ცის სხვა ნებისმიერი ასეთი ციცქნა მონაკვეთიც ასე უნდა იყოს გადავსებული გალაქტიკების ჯგუფებით — ათასობით გალაქტიკა თქვენს ფრჩხილზე უფრო პატარა მონაკვეთზე!
დიახ, სამყარო ნამდვილად ასეთი დიდი და გასაოცარი რამ არის, ჩვენ კი მისი ნაწილი ვართ.
კომენტარები