ტრამპის ადმინისტრაციამ უამრავ სააგენტოსა და ინსტიტუტს, მათ შორის, კოსმოსის, კლიმატის, განათლებისა და ჯანმრთელობის სფეროებში, დაფინანსება შეუმცირა. სამაგიეროდ, მან თავდაცვას ფინანსური მხარდაჭერა გაუზარდა.

ადმინისტრაციის მიდგომა, რომ სამეცნიერო კვლევების დაფინანსება შეაჩეროს და შეამციროს, თითქოს მიზნად კვლევითი პრიორიტეტების ხელახლა ჩამოყალიბებას და მილიარდობით დოლარის დაზოგვას ისახავს. კვლევების მიხედვით, ამერიკაში თუ ინოვაციაში 1 დოლარს ჩადებ, საშუალოდ 5 დოლარი უკან დაგიბრუნდება. პრეზიდენტის ადმინისტრაცია მეცნიერების სააგენტოებისა და ინსტიტუციების დაფინანსების შემცირებას სულ მცირე 36 132 000 000 დოლარით გეგმავს, რაც 180 660 000 000 დოლარის ეკონომიკურ სარგებელს ნიშნავს.

NASA-ს დაფინანსების შემცირებამ მედიაში დიდი გამოხმაურება გამოიწვია. სააგენტო ადმინისტრაციის განცხადებებს ეწინააღმდეგება და აცხადებს, რომ მისი პრიორიტეტი ადამიანის მარსზე გაგზავნაა. ახალი დადგენილება NASA-ს დაფინანსებას 24 პროცენტით ამცირებს, რაც მის ბიუჯეტს 24.8 მილიარდიდან 18.8 მილიარდ დოლარამდე დაიყვანს. ამ შემცირებას ისეთი მისიების გაუქმება მოჰყვება, როგორიცა მარსიდან ნიმუშების ჩამოტანა და მთვარის სადგურის აშენებაა.

ბიუჯეტში წერია, რომ 1 მილიარდი დოლარის ოდენობით ახალი ინვესტიცია იგეგმება, თუმცა ადამიანის მიერ კოსმოსის შესწავლისთვის ბიუჯეტი მხოლოდ 647 მილიონი დოლარით იზრდება. გარდა ამისა, ორიონისა და კოსმოსური გაშვების სისტემის (SLS) გაუქმება იმის შემდეგ იგეგმება, რაც ისინი არტემისის ორ მისიას შეასრულებენ. მათ ნაცვლად უპირატესობას SpaceX-ის Starship-ს მიანიჭებენ, რომელიც ბოლო ორი გაშვების შემდეგ აფეთქდა. ადმინისტრაციისა და ილონ მასკის კავშირს ამის გამო ბევრი აკრიტიკებს.

ფოტო: Politico

მარსზე წარმატებული ექსპედიციის ჩატარება ისტორიული მოვლენა იქნება. თუნდაც Starship-მა პირველი ეკიპაჟის გაშვება 2026 წლის შუაში მართლა შეძლოს, საჭირო სიღრმისეული კვლევა და ცოდნის მიღება იქნება. ამის ხარჯები კი ახალ ბიუჯეტში გათვალისწინებული არაა.

წარმოდგენილი ბიუჯეტი ასევე საერთაშორისო კოსმოსურ სადგურში (ISS) 2030 წლამდე ინვესტიციას ამცირებს. ვარაუდობენ, რომ ამ დროისთვის კომერციული კოსმოსური სადგურები უკვე ხელმისაწვდომი იქნება და ISS-ის საჭიროება შემცირდება. ასევე შესაძლოა, ერთადერთი მოქმედი სადგური ჩინეთს ჰქონდეს.

მეცნიერების, ტექნოლოგიების, ინჟინერიისა და მათემატიკის (STEM) ოფისი იმ მიზეზით გაუქმდა, რომ ბიუჯეტის დოკუმენტის მიხედვით ის არის "woke". მიუხედავად იმისა, რომ ზუსტად სიტყვა განმარტებული არაა, ტერმინი "woke" აფროამერიკული ინგლისურიდან არის წარმოშობილი. თანამედროვე კონტექსტში, განსაკუთრებით მემარჯვენე პოლიტიკოსები, მედიასაშუალებები და კომენტატორები მას მათთვის მიუღებელი თემების საერთო იარლიყად იყენებენ. მაგალითად, კლიმატის ცვლილება, ევოლუცია ან საუბრები ქალების, ეთნიკური უმცირესობების, ლგბტქ+ თემის ან შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების უფლებებზე.

NASA-ს კლიმატისა და დედამიწის მონიტორინგის სერვისებს მკვეთრი შემცირება ემუქრება, თუმცა კიდევ უფრო მეტად ეროვნული ოკეანური და ატმოსფერული ადმინისტრაცია (NOAA) ზარალდება, რომელსაც ბიუჯეტი 1.52 მილიარდი დოლარით უმცირდება. ადმინისტრაცია ამტკიცებს, რომ ამინდის ახალი თანამგზავრი "კლიმატის არასაჭირო მონაცემებს" აგროვებს. ბიუჯეტის პროექტი ასევე NOAA-ს პროგრამების გაუქმებას ითვალისწინებს, რომლებიც ადმინისტრაციის შეფასებით "მავნე დღის წესრიგს" უწყობენ ხელს. მათ შორისაა საგანმანათლებლო გრანტები, რომლებიც "სტუდენტების ბაზრის წინააღმდეგ რადიკალიზაციას" ახორციელებენ, ასევე თანასწორობისა და ტრანსგენდერი ქალებისთვის ჩატარებული სემინარები.

ეროვნულ სამეცნიერო ფონდს (NSF) ბიუჯეტს თითქმის 5 მილიარდი დოლარით უმცირებენ. ამის მიზეზად ასახელებენ იმას, რომ ფული ისეთ პროექტებზე მიდიოდა, როგორიცაა, კლიმატის ცვლილება, თანასწორობა და გარემოს დაცვა. მაგალითად, დელავერის უნივერსიტეტს გრანტი მისცეს, რომ ისეთი პროექტი შეემუშავებინა, რომელიც სამართლიანობას, ეკონომიკურ კეთილდღეობასა და სანაპირო ზონის დაცვას ხელს შეუწყობდა. სწორედ ამგვარ ინიციატივებს უწოდებს ადმინისტრაცია "woke"-ს და მათ დაფინანსებას წყვეტს.

გარდა ამისა, 1.1 მილიარდი დოლარით იმ პროგრამებსაც ამცირებენ, რომლებიც მეცნიერებაში დაჩაგრული ან ნაკლებად წარმოდგენილი ჯგუფების ჩართვას მიზნად ისახავს. ეს წარსულ წლებთან შედარებით 80%-ით ნაკლები დაფინანსებაა. 325 მილიონი დოლარით შეუმცირდება ბიუჯეტი სტანდარტებისა და ტექნოლოგიების ეროვნულ ინსტიტუტსაც (NIST). სწორედ ამ დაწესებულებაშია მსოფლიოში ყველაზე ზუსტი საათი, რომელიც ერთ წამს მხოლოდ 40 მილიარდ წელიწადში დაკარგავს. ბიუჯეტის შემცირების მიზეზად თქვეს, რომ ინსტიტუტს "რადიკალური კლიმატური დღის წესრიგი" აქვს, თუმცა კონკრეტულად რას გულისხმობენ ამაში, არ არის განმარტებული.

აშშ ჯანდაცვის კვლევების ყველაზე დიდი დამფინანსებელია მსოფლიოში. ეროვნული ჯანდაცვის ინსტიტუტის (NIH) ბიუჯეტი აქამდე უმსხვილესი იყო და ამ სფეროში ნებისმიერი ქვეყნის ან საერთაშორისო ორგანიზაციის ინვესტიციას აღემატებოდა. ტრამპის ადმინისტრაცია კი დაფინანსების შემცირებას 48 მილიარდიდან 27 მილიარდ დოლარამდე აპირებს. 27 ინსტიტუტიდან ბევრი დაიხურება ან გაერთიანდება, განსაკუთრებით ის ორგანიზაციები, რომლებიც უმცირესობების ჯანმრთელობაზე ან საერთაშორისო საკითხებზე მუშაობს.

ზოგი თანამშრომელი იქამდე გაათავისუფლეს, სანამ ეს ბიუჯეტი ოფიციალურად დამტკიცდებოდა. მათ შორის იყვნენ მეცნიერები, რომლებიც ძალიან მნიშვნელოვან პროექტებზე მუშაობდნენ, მაგალითად: კიბო, ალცჰაიმერი, შიდსი (HIV) და სხვა დაავადებები. ერთ-ერთი იყო დოქტორი რიჩარდ იული, რომელმაც 2021 წელს პარკინსონის დაავადებასთან დაკავშირებული უჯრედული პროცესების შესწავლაში მიღწევებისთვის ჯილდო მოიგო.

ამერიკაში ყოველ თვე ათასობით ადამიანი ნარკოტიკის ზედოზირებით კვდება. მიუხედავად ამისა, ნარკოტიკებსა და ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე მომუშავე სამსახურს ბიუჯეტი 1 მილიარდ დოლარზე მეტით შეუმცირდება.

დაავადებათა კონტროლის ცენტრს (CDC) ბიუჯეტი დაახლოებით 3.5 მილიარდი დოლარით უმცირდება, რაც მისი მთლიანი ბიუჯეტის თითქმის მესამედია. ეს იმ დროს, როცა დაწესებულება აშშ-ში გრიპისა და წითელას გავრცელებას აკვირდება.

აუცილებლად უნდა აღინიშნოს, რომ ეს მხოლოდ ბიუჯეტის პროექტია და ჯერ კონგრესმა უნდა დაამტკიცოს. გაურკვეველია, ამ 168 მილიარდი დოლარის შემცირებიდან ის მხარს რამდენს დაუჭერს.

თუ სტატიაში განხილული თემა და ზოგადად: მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში – შემდეგი ჯგუფი.