რატომ ჩნდება შუახნის ასაკში ღიპი? — მეცნიერებმა "დამნაშავე" იპოვეს

ფოტო: Netmeds
მეცნიერებმა აღმოაჩინეს ღეროვანი უჯრედების ახალი ტიპი — CP-A, რომელიც შუახნის ასაკში მუცლის არეში ცხიმის დაგროვებას უწყობს ხელს. ეს მიგნება საშუალებას გვაძლევს, რომ ასაკთან ასოცირებულ ჭარბ წონასთან საბრძოლველად ეფექტიანი თერაპიები შევიმუშაოთ.
ზომაზე დიდი მუცელი, იგივე ღიპი, შუახნის ასაკის ადამიანებში განსაკუთრებულად შესამჩნევია. ცხიმის ასეთი განაწილება სწრაფ დაბერებასა და ნელ მეტაბოლიზმს უკავშირდება, რაც დიაბეტის, გულსისხლძარღვთა დაავადებებისა და სხვა ქრონიკული მდგომარეობების რისკს ზრდის. შესაბამისად, გამომწვევი მიზეზების გამოვლენა მნიშვნელოვანია.
ეს საკითხი City of Hope-ის კვლევითი ცენტრის სპეციალისტებმა შეისწავლეს. მათ იმ მთავარი უჯრედული მექანიზმის იდენტიფიცირება შეძლეს, რომელიც მუცლის არეში ასაკთან ასოცირებულ ცხიმის დაგროვებაში მონაწილეობს. ახალი ნაშრომი გამოცემაში Science გამოქვეყნდა.
"ასაკის მატებასთან ერთად ადამიანები ხშირად კუნთს კარგავენ და ცხიმს იმატებენ მაშინაც კი, როცა სხეულის მასა უცვლელი რჩება. აღმოვაჩინეთ, რომ დაბერების პროცესი ღეროვანი უჯრედების ახალი ტიპის გაჩენას განაპირობებს, რომელიც სხეულში ცხიმოვანი უჯრედების მასშტაბურად წარმოქმნას იწვევს, განსაკუთრებით მუცლის მიმდებარედ", — აცხადებენ სპეციალისტები, რომლებმაც ექსპერიმენტები თაგვებზე ჩაატარეს და შედეგები ადამიანის უჯრედების გამოყენებითაც დაადასტურეს.
ისინი თეთრ ცხიმოვან ქსოვილზე (WAT) კონცენტრირდნენ, რომელიც ასაკთან ასოცირებულ წონის მატებაზეა პასუხისმგებელი. აქამდეც ვარაუდობდნენ, რომ ამ ქსოვილებს დაუსრულებელი ზრდის პოტენციალი ჰქონდა, რის დასატესტადაც ადიპოციდის პროგენიტორული უჯრედები (APC) გამოიყენეს. ესაა WAT-ში არსებული ღეროვანი უჯრედები, რომლებიც ცხიმოვან უჯრედებად გარდაიქმნება.
მეცნიერებმა ახალგაზრდა და ხნიერი თაგვების სხეულიდან APC მცირე ასაკის მღრღნელების სხვა ჯგუფს გადაუნერგეს. აღმოჩნდა, რომ ხანდაზმული ცხოველების ამგვარმა ქსოვილებმა ცხიმოვანი უჯრედების კოლოსალური რაოდენობა წარმოქმნა, ახალგაზრდებისამ კი — არა.
შემდეგ სპეციალისტებმა ახალგაზრდა და ხნიერი თაგვების APC გენის აქტიურობა შეადარეს. დადგინდა, რომ პირველ ჯგუფში აქტიურობა თითქმის არ იყო, შუახნის ასაკში კი ახალი ცხიმოვანი უჯრედები ინტენსიურად წარმოიქმნებოდა. ეს საინტერესოა, რადგან წესით დაბერების პროცესში ღეროვანი უჯრედების ზრდის უნარი ქვეითდება, მაგრამ APC-ის შემთხვევაში პირიქით ხდება.
ის ახალი ტიპის ღეროვან უჯრედებად გარდაიქმნება, რომლებსაც განსაზღვრული ასაკობრივი პრედიპოციტები (CP-A) ეწოდება. ისინი შუახნის ასაკში ჩნდება და ცხიმოვანი უჯრედების ფორმირებას განაპირობებს, რაც ხნიერ თაგვებში წონის მატებას ხსნის. ამ პრედიპოციტების გამრავლებას LIFR რეცეპტორები უწყობს ხელს, რომლებიც ცხიმის წარმოსაქმნელად ახალგაზრდა მღრღნელებს, ხნიერებისგან განსხვავებით, არ სჭირდებათ.
მკვლევრებმა ლაბორატორიაში სხვადასხვა ასაკის ადამიანების APC უჯრედები შეისწავლეს და შუახნის ინდივიდების ნიმუშებში იგივე CP-A შენიშნეს. ადამიანის ორგანიზმში ამ ბიოლოგიური მექანიზმის უკეთ გასაგებად დამატებითი კვლევებია საჭირო, მაგრამ ახალი მიგნება მოწინავე თერაპიების შესამუშავებლად იმედის მომცემია.
კომენტარები