ჩვენი გალაქტიკის სურათები ფარაონების ეპოქიდან — ეგვიპტურ ნახატებში ირმის ნახტომს მიაგნეს

ფოტო: Getty
ხელოვნური განათებისგან შორს ღამის ცაზე ჩვენი გალაქტიკის კაშკაშა სარტყელი მკაფიოდ მოჩანს. რა თქმა უნდა, ეს გასაოცარი სანახაობა ძველ ეგვიპტეშიც არ დარჩენიათ შეუმჩნეველი, რისი დასტურიც მათ ნახატებში არსებული გამოსახულებებია, რომლებიც სწორედ ირმის ნახტომს მოგვაგონებს.
დიდი ბრიტანეთის პორტსმუტის უნივერსიტეტის ასტროფიზიკოსმა, ორ გრაურმა, ცის ქალღმერთ ნუტის გამოსახულებები შეისწავლა, რომლებიც ასობით სარკოფაგში გვხვდება. მეცნიერმა დაადგინა, რომ ზოგიერთ ნახატში ირმის ნახტომის გალაქტიკური სიბრტყის სტილიზებული ინტერპრეტაციებიცაა. მისი თქმით, ეს სურათები იმდენად დეტალურია, რომ ვარსკვლავების ფონზე მიმოფენილი სქელი მტვრის არეალებსაც მოიცავს.
ნუტი ეგვიპტური პანთეონის ერთ-ერთი უძველესი ღვთაებაა, რომელიც ცისა და იქ არსებული ობიექტების მბრძანებლად მიიჩნეოდა. ის ხშირად შიშველი ქალის სახითაა წარმოდგენილი, ხოლო მის სხეულზე ვარსკვლავებია მიმობნეული და ისეა გადაჭიმული, როგორც ცის თაღი ხმელეთის თავზე.
2024 წლის ნაშრომში გრაურმა ძველ ტექსტებზე დაყრდნობით გამოთქვა ვარაუდი, რომ ეგვიპტეში ირმის ნახტომის სარტყელს ნუტის გამოვლინებად ან გამოხატულებად მიიჩნევდნენ. ამის შესახებ მეტის გაგება მეცნიერმა ახალი კვლევის ფარგლებში სცადა, რისთვისაც იმ პერიოდიდან მოღწეული ნახატები გააანალიზა. ქალღმერთის გამოსახულებები საფლავის მხატვრობაში მრავლადაა, ვინაიდან ის მკვდრების დამცველად აღიქმებოდა.
გრაურის მიერ შესწავლილი სარკოფაგებიდან უძველესი დაახლოებით 4600 წლის წინანდელია. ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო დეტალები სპეციალისტმა ძვ.წ. 1077-943 წლებში მცხოვრები ქალის აკლდამაში იპოვა. მას ნესიტაუჯატახეტი ერქვა და მომღერალი იყო. სარკოფაგის გარე მხარეს ნუტის გამოსახულება გრძელ, სქელ და ტალღოვან თაღს მოიცავს, რომლის გაყოლებაზეც ვარსკვლავებია დახატული.
"ვფიქრობ, ეს ტალღოვანი მრუდი ირმის ნახტომია და შესაძლოა, დიდი რღვევის რეპრეზენტაცია იყოს — მტვრის მუქი ზოლის, რომელიც ირმის ნახტომის კაშკაშა სარტყელს მიუყვება. გალაქტიკის სურათთან ამ ნახატის შედარება გასაოცარ მსგავსებას გვიჩვენებს", — აცხადებს ასტროფიზიკოსი.
ასეთი კომპონენტები სხვა ნახატებშიცაა, მაგრამ, როგორც ჩანს, მაინც საკმაოდ იშვიათია. მეცნიერმა სულ 4 იმგვარი სურათი გამოავლინა, რომლებშიც ირმის ნახტომი ქალღმერთის სხეულზე ან მის გაყოლებაზე იყო გამოსახული. მისი აზრით, ეს ნიშნავს, რომ გალაქტიკასა და ნუტს ერთმანეთთან არ აიგივებდნენ, მაგრამ მათ შორის კავშირი არსებობდა.
ახალი ნაშრომი გამოცემაში Journal of Astronomical History and Heritage გამოქვეყნდა.
კომენტარები