საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო, რომელმაც "საერთო სასამართლოების შესახებ კანონში" შეტანილი ცვლილებით, ჟურნალისტების მიერ სასამართლო პროცესების გადაღების უფლება უნდა განსაზღვროს, დადგენილებას ავრცელებს, სადაც სასამართლოების მანდატურთა სამსახურებს "კანონის სათანადო აღსრულებისკენ" მოუწოდებს.

"მუხლი 1."საერთო სასამართლოების შესახებ" საქართველოს ორგანული კანონის 59-ე მუხლის 1-ლი და მე-2 პუნქტების შესაბამისად, დაევალოთ საქართველოს საერთო სასამართლოების მანდატურთა სამსახურებს — უზრუნველყონ აღნიშნული კანონის მე-13 პირველი პრიმა მუხლის მე-2 პუნქტით დაწესებული აკრძალვების (სასამართლოში (სასამართლოს შენობაში, სასამართლო სხდომის დარბაზში, სასამართლოს ეზოში) ფოტო, კინო, ვიდეოგადაღების, ტრანსლაციის და აუდიოჩაწერის აკრძალვა) სათანადო აღსრულება.

მუხლი 2. დადგენილება ამოქმედდეს მიღებისთანავე," — წერია საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს დადგენილებაში.

შეგახსენებთ, ქართული ოცნების "საერთო სასამართლოების შესახებ" კანონში ცვლილებით, მედიებს სასამართლო პროცესის, შენობის დერეფნის და ეზოს გადაღების უფლება ეზღუდებათ. სასამართლო პროცესების ვიდეო ან აუდიო გადაღების უფლება იუსტიციის უმაღლესი საბჭომ უნდა უზრუნველყოს. პუბლიკას ჟურნალისტის, მინდია გაბაძის განცხადებით, გუშინ, 31 ივნისს პირველი შემთხვევა იყო, როდესაც პროევროპულ აქციებში მონაწილეობისთვის დაკავებული პირების სასამართლო სხდომის გადაღება მედიებმა ვერ შეძლეს და მანდატურებმა მათ აპარატურის შეტანის უფლება სასამართლოს ეზოშიც არ მისცეს.

ამ დროისთვის მედიებს კვლავ არ მიუღია უწყებისგან ინფორმაცია, როგორ უნდა გააგრძელონ მუშაობა და როდის დაკმაყოფილდება მათი მოთხოვნა სხდომების გაშუქების შესახებ.