"ზოგადად, უცხო ქვეყნის მოქალაქეს არაფერი ესაქმება სხვა ქვეყანაში დემონსტრაციებზე", — ასე გამოეხმაურა ოცნების პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი საქართველოში პოლონეთის საელჩოს განცხადებას.

პოლონეთის საელჩო საქართველოში თავისი ქვეყნის მოქალაქეებს დემონსტრაციებში მონაწილეობისთვის ჯარიმებისა და ქვეყნიდან გაძევების შესახებ აფრთხილებს. საელჩომ ასევე წერს, რომ აქციის სიახლოვესთან ყოფნა და სოციალურ ქსელში "გარკვეული აქტივობაც" ქმნის სამართლებრივი დევნის საშიშროებას.

პაპუაშვილის თქმით, შესაძლოა ჰგონიათ, რომ "ყივჩაყების გუნდს ჩამოიყვანენ იმისთვის, რომ მათ მიეხმარონ და რაღაცნაირად შეავსონ მათი შეთხელებული რიგები".

"ზოგადად, უცხო ქვეყნის მოქალაქეს არაფერი ესაქმება სხვა ქვეყანაში დემონსტრაციებზე. სხვათა შორის, ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტი, ამ მხრივ ძალიან მკაფიო პოლიტიკას ატარებს, როდესაც, მათ შორის, ვიზას უჩერებს იმ ადამიანებს, რომლებიც ნაცვლად იმისა, რომ ვიზის დანიშნულებით იმყოფებოდნენ ამერიკის შეერთებულ შტატებში, დაკავებულები არიან სხვადასხვა მთავრობის საწინააღმდეგო პროტესტებით.

რაც შეეხება საქართველოში უცხო ქვეყნის მოქალაქეების შემოშვება არ შემოშვების საკითხს, არ ვიცი რატომ ასკვნის პოლონეთის საელჩო, რასთან შეიძლება იყოს კავშირი, არ ვიცი, რა შემთხვევები იყო. მეორე მხრივ გასაკვირია ამაზე ხაზგასმა. რაც მთავარია, გასაკვირია რადიკალების რეაქციები ასეთ საკითხთან დაკავშირებით, როდესაც ისეთი წარმოდგენა იქმნება, თითქოს ეს თავისთავად ის საკითხია, რომ უცხოელები საქართველოში ჩამოდიოდნენ და აქციებს აწყობდნენ. არ ვიცი, თუ ჰგონიათ, რომ ყივჩაყების გუნდს ჩამოიყვანენ იმისთვის, რომ მათ მიეხმარონ და რაღაცნაირად შეავსონ მათი შეთხელებული რიგები, არ ვიცი, ეს მიდგომები თუ აქვთ. მათ შორის ის ფაქტები, როდესაც ვნახეთ, რომ უცხოელები იყვნენ ჩართულები საქართველოში რადიკალურ პროცესებში, ეს აჩვენებს ერთ რაიმეს, ეს არის გაგრძელება ამ ქვეყნების ხელისუფლების არასწორი პოლიტიკისა. როდესაც დაინახავს პოლონეთის მოქალაქე, რომ პოლონეთის ელჩი ერევა შიდა საკითხებში, რომ დაინახავს, ესტონეთის მოქალაქე დაინახავს, რომ ესტონეთის ელჩი ერევა შიდა საკითხებში, იმას გონია, რომ თავისთავადია ჩახვიდე უცხო ქვეყანაში და სხვა საზოგადოებას თავს მოახვიო საზოგადოებას შენი პოლიტიკური მოსაზრებები. ასე არ არის აწყობილი სამყარო, ამას არ გულისხმობს სუვერენიტეტი", —აღნიშნავს პაპუაშვილი.