ოცნების პარლამენტმა დაჩქარებული წესით განიხილა და 87 ხმით მიიღო "დიპლომატიური სამსახურის შესახებ" კანონში ცვლილება.

ოცნების ხელისუფლების საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, ხათუნა თოთლაძის განმარტებით, ცვლილებებით, დიპლომატიური თანამდებობის პირისთვის და ადმინისტრაციული პერსონალისთვის როტაციის ვადის გაგრძელების შესაძლებლობა იზრდება არა უმეტეს ერთ წლამდე ვადით.

მისი თქმით, ტექნიკური ხასიათის ცვლილებები ხორციელდება კანონის იმ ნორმებში, რომელიც ითვალისწინებს როტაციის წესით გრძელვადიან სამუშაო მივლინებაში წარგზავნისა და მივლინებიდან გამოწვევის საკითხებს.

კანონპროექტით, შეიქმნა ეთიკისა და ქცევის წესების საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის ნორმატიული აქტით დამტკიცების სამართლებრივი საფუძველი, რომელიც უფრო დეტალურ დონეზე მოაწესრიგებს როგორც სამინისტროს ცენტრალური აპარატის, ასევე, საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობისა და საკონსულო დაწესებულებებში დასაქმებული პირებისთვის ეთიკისა და ქცევის ზოგად წესებს.

13 მაისს, "დიპლომატიური სამსახურის შესახებ" კანონს ემატება ნორმები, რომელიც დიპლომატებს ეთიკისა და ქცევის წესების დაცვას ავალდებულებს. ჩაითვლება თუ არა ეთიკის დარღვევად პროევროპულ პეტიციაზე ხელმოწერა? — მინისტრის მოადგილემ, ხათუნა თოთლაძემ ამ კითხვაზე "ფორმულას" ჟურნალისტს არ უპასუხა.

ამას გარდა, "ოცნების" ხელისუფლების საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ხათუნა თოთლაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ "არც ერთი თანამშრომელი მასთან არ მოსულა და ამ დრომდე არ უთქვამს, რომ ის რაიმე რეპრესიების მსხვერპლია".

"ანუ თქვენ გინდათ მითხრათ, რომ ჩვენს თანამშრომლებს თქვენთან მეტი კომუნიკაცია აქვთ ვიდრე ხელმძღვანელობასთან?! არც ერთი თანამშრომელი ჩემთან არ მოსულა და ამ დრომდე არ უთქვამს, რომ ის რაიმე რეპრესიების მსხვერპლია", — განაცხადა ხათუნა თოთლაძემ.