"მოსკოვის კავშირები ქართულ რეჟიმთან კენსინგტონისა და ჩელსის გავლით გადიოდა" — Byline Times-ი ივანიშვილისა და ირაკლი რუხაძის რუსეთთან კავშირებზე ვრცელ სტატიას აქვეყნებს, რომლის თარგმანსაც ფორმულა აქვეყნებს.

გამოცემა წერს, რომ უზბეკეთის ყოფილი პრეზიდენტის შვილი გულნარა ქარიმოვა ხელმძღვანელობდა ორგანიზაციას, სახელწოდებით The Office და რუსეთის უმსხვილესი ტელეკომუნიკაციების პროვაიდერისგან – Mobile Telesystems (MTS) ასობით მილიონი დოლარის ქრთამს იღებდა უზბეკეთის ბაზარზე წვდომის სანაცვლოდ. MTS-ის ერთ-ერთი ინვესტორი კი Hunnewell Partners-ია, რომელსაც ტელეკომპანია იმედის მფლობელი ირაკლი რუხაძე ხელმძღვანელობს.

გამოძიების თანახმად, ამ ფაქტმა იმდენად დიდი ზიანი მიაყენა კომპანიას, რომ ინვესტორებმა MTS-ს უჩივლეს. მათ შორის იყო ირაკლი რუხაძის Hunnewell Partners, რომელიც ლონდონში, კენსინგტონისა და ჩელსის რაიონში მდებარეობს. როგორც გამოცემა წერს, Hunnewell-მა აშშ-ის სასამართლოში სარჩელი შეიტანა და თქვა, რომ სკანდალის გამო დიდი ზარალი განიცადა.

Byline Times-ის გამოძიების მიხედვით, Hunnewell Partners ვლადიმერ პუტინის ერთ-ერთ მაღალჩინოსან მოკავშირეს, რუს ოლიგარქ რომან აბრამოვიჩს $1.5 მილიარდზე მეტი ღირებულების კორუფციული სქემით სარგებლობაში დაეხმარა. ერძოდ, Byline Times-მა გამოჟონილ კორპორაციულ დოკუმენტებზე, საჯარო ჩანაწერებსა და სასამართლო განხილვებზე დაყრდნობით დაადგინა, რომ ლონდონური ფირმა, როგორც ჩანს, სინამდვილეში ვლადიმერ პუტინთან დაახლოებული პირის, რომან აბრამოვიჩის სახელით მოქმედებდა.

დიდი ბრიტანეთის სასამართლოს დადგენილების მიხედვით, Hunnewell Partners-მა პირდაპირი ფინანსური სარგებელი მიიღო რომან აბრამოვიჩის კომპანიებისგან და წერს, რომ ეს აჩენს ეჭვებს, რომ ეს კავშირები შესაძლოა გავლენას საქართველოშიც ახდენდნენ.

გამოძიება იმაზეც მიუთითებს, რომ Hunnewell Partners-ის მმართველი გუნდი, რომელსაც ირაკლი რუხაძე ხელმძღვანელობს, გასულ წლებში აქტიურად მონაწილეობდა ბიძინა ივანიშვილის ბიზნესებსა და მედიასივრცის გაკონტროლებაში და აღნიშნავს, რომ კომპანიამ შეიძინა ტელეკომპანია იმედი, რომელიც დღეს საქართველოს ხელისუფლების მთავარი პროპაგანდისტული იარაღია.

შეგახსენებთ, რომ დიდი ბრიტანეთის პარლამენტში ტვ იმედის წინააღმდეგ გამოძიების დაწყების საკითხი განიხილება.

ლეიბორისტული პარტიის დეპუტატმა და საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წევრმა, ბლერ მაკდუგალმა დააყენა საკითხი, რომ ბრიტანეთის ეროვნულმა კრიმინალურმა სააგენტომ (NCA) დაიწყოს კომპანია Hunnewell Partners-ის იმ ოპერაციებთან დაკავშირებით გამოძიება, რაც საქართველოში პრორუსულ პროპაგანდასა და მშვიდობიანი მომიტინგეების წინააღმდეგ ძალადობის წაქეზებასთანაა დაკავშირებული.

ბლერ მაკდუგალის თქმით, საქართველოში "მშვიდობიანი მომიტინგეების ძალადობრივი დარბევა ხდება", ტელეკომპანია იმედი კი, "ამ სასტიკი მთავრობის მთავარი პროპაგანდის იარაღია და მუშაობს და იმართება დიდ ბრიტანეთში დაფუძნებული კომპანია Hunnewell Partners-ის მეშვეობით".

მეტი ირაკლი რუხაძის შესახებ: