"არ ვიძლევი ჩვენებას და არ ვაპირებ თანამშრომლობას არც პროკურატურასთან და არც პოლიციასთან", — ამის შესახებ მარნეულისა და ჰუჯაბის ეპისკოპოსმა გიორგი ჯამდელიანმა "ტვ პირველის" ჟურნალისტთან სატელეფონო საუბრისას განაცხადა.

საქმე ეხება 8 ივნისს ეპისკოპოსის ქადაგებისას. მისი თქმით, მთავრობის მოქმედ წევრს, კონკრეტულად უშიშროების უწყების წარმომადგენელს, მონაზონი ჰყავდა "დავერბოვკრებული" და მისი მეშვეობით წამლავდა.

"მე დამიკავშირდა პროკურატურა, მაგრამ მე პირადად ჩემს კონსტიტუციით მონიჭებულ უფლებას, როგორც სასულიერო პირი, ამ ეტაპზე ასე ვთვლი, არ ვიძლევი ჩვენებას და არ ვაპირებ თანამშრომლობას არც პროკურატურასთან და არც პოლიციასთან. მე ვამბობ უარს. ვმოქმედებ საეკლესიო კანონიკის ნორმების ფარგლებში. მონაზონი ჩემთან არ იმყოფება", — განაცხადა ეპისკოპოსმა.

8 ივნისს ეპისკოპოსის ქადაგების შემდეგ, საქართველოს პროკურატურამ განცხადება გაავრცელა, სადაც ნათქვამია, რომ "საქართველოს პროკურატურამ სხვადასხვა მედიასაშუალებებით გავრცელებული მარნეულისა და ჰუჯაბის ეპისკოპოსის მეუფე გიორგი ჯამდელიანის მიერ გაკეთებული განცხადების საფუძველზე, სადაც ის მისი განზრახ მკვლელობის მომზადების ფაქტთან დაკავშირებით საუბრობს, გამოძიება დაიწყო.

საქართველოს პროკურატურაში გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 18,108-ე მუხლით (განზრახ მკვლელობის მომზადება) დაიწყო.

გამოძიების ფარგლებში ჩატარდება ყველა საჭირო საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები", — ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.