არსებობს გენური ვარიანტი, რომელიც აივ ინფექციის (HIV) წინააღმდეგ მოქმედებს, მაგრამ როდის და სად ჩამოყალიბდა ის პირველად?

ათასობით გენომის ანალიზმა აჩვენა, რომ ეს მუტაცია 6700-9000 წლის წინ შავ ზღვასთან ახლოს მცხოვრებ ადამიანში წარმოიქმნა. მაშინ მას სხვა დანიშნულება უნდა ჰქონოდა, რადგან იმ დროის პოპულაციებში აივ ინფექცია არ გვხვდებოდა. ის ჩვენში დაახლოებით ერთი საუკუნეა, გავრცელდა.

ამ მუტაციას CCR5 დელტა 32 ეწოდება. ცილა CCR5 გვხვდება იმუნურ უჯრედებში, რომლებსაც HIV-ის შტამების უდიდესი ნაწილი უჯრედებში შესაღწევად და ინფექციის გამოსაწვევად იყენებს. ამის მიუხედავად, აღნიშნული მუტაციის ორი ასლის მქონე ინდივიდებში ცილის ასეთი ფუნქცია ფერხდება და პათოგენი მიზანს ვეღარ აღწევს.

ცნობილია, რომ ზემოხსენებული გენური ვარიანტი ევროპის პოპულაციის CCR5-ის გენების 10-16%-ში გვხვდება, თუმცა მისი წარმოშობის შესახებ აქამდე ბევრი არაფერი ვიცოდით. ეს მეტწილად იმითაა გამოწვეული, რომ უძველესი გენომები ძალზე დაზიანებულია. ახლა მეცნიერებმა მუტაცია 2504 თანამედროვე ადამიანში გამოავლინეს, შემდეგ კი შექმნეს მოდელი, რომელიც ევრაზიის სხვადასხვა რეგიონში 934 ძველი გენომის მოძებნაში დაეხმარებოდათ. დროითი პერიოდი შუა ქვის ხანიდან ვიკინგების ეპოქამდე იყო (ძვ.წ. 8000-დან ახ. წ.1000 წლამდე).

"ამ მონაცემების მიხედვით შესაძლებელია იმის დადგენა, თუ სად და როდის გაჩნდა ეს მუტაცია", — აცხადებენ მეცნიერები.

მათ დაასკვნეს, რომ პირველი ასეთი მუტაციის მქონე ადამიანი შავი ზღვის რეგიონში დაახლოებით ძვ.წ. მეშვიდე ათასწლეულში ცხოვრობდა. ესაა პერიოდი, როცა დასავლეთ აზიიდან ევროპაში ადრინდელი ფერმერები ჩავიდნენ. აღმოჩნდა, რომ მუტაცია 8000-2000 წლის წინ განსაკუთრებულად გავრცელდა.

ეს ნიშნავს, რომ CCR5 დელტა 32 იმაზე ძველია, ვიდრე აქამდე მიიჩნეოდა. ასევე, მისი გავრცელება შუა საუკუნეების ჭირის ინფექციებს ან ვიკინგების მოგზაურობებს არ უკავშირდება. აღსანიშნავია, რომ აივ ინფექციის ზემოქმედების გარეშე CCR5 ცილა იმუნური უჯრედების სიგნალების, ქემოკინების, კონტროლს უზრუნველყოფს. აქედან ვარაუდობენ, რომ შესაძლოა, ის სხეულში ანთებითი პროცესების კერებისკენ უჯრედების მიმართვაში მონაწილეობდეს.

მეცნიერები ამბობენ, რომ ამ მუტაციის მქონე ადამიანებს განსხვავებულ გარემოში გადარჩენის მეტი შანსი ჰქონდათ. იმუნური სისტემა ახალ პათოგენებთან შეხვედრისას ოდნავ სუსტდებოდა, თუმცა ფუნქციას უნარჩუნებდა. ასეთი შესუსტება ყოველთვის უარყოფითი არაა, რადგან ზედმეტად აგრესიული რეაქცია ზოგჯერ ორგანიზმს აზიანებს.

მონადირე-შემგროვებლობიდან სამეურნეო ცხოვრების სტილზე გადასვლამ და მჭიდრო საზოგადოებებმა ინფექციების რისკი გაზარდა. შესაძლოა, სწორედ ამის გამო გავრცელებულიყო მუტაცია, მაგრამ ჯერჯერობით დაზუსტებით ვერ ვიტყვით.

ახალი ნაშრომი გამოცემაში Cell გამოქვეყნდა.

თუ სტატიაში განხილული თემა და ზოგადად: მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში – შემდეგი ჯგუფი.